ლევან იზორია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს – მიხაელ აასტრუპს, ბორის სილევიჩს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს უფროსის მოადგილე ბას კლაინს შეხვდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას შს მინისტრის მოადგილესთან ერთად შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.
ევროპის საბჭოს წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოსთან მიმართებაში მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში ხორციელდება.
ამასთანავე, აღნიშნული ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს ითვალისწინებს.