IDFI: 9 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მკვლელობა საქართველოში 2007 წელს მოხდა, ყველაზე მეტი დანაშაული კი 2014 წელს გაიხსნა

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი მკვლელობის ფაქტები 2007 წელს მოხდა. რაც შეეხება ბოლო ორი წლის მოცემებს, 2014 წელს 10 თვის განმავლობაში, შარშანდელთან შედარებით, მკვლელობის შემთხვევები 20 ერთეულით შემცირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ აქვეყნებს.
„მკვლელობების სტატისტიკა საქართველოში“, – ამ სათაურით „IDFI“ -მა კვლევის მასალები გამოქვეყნა, რომელიც ორგანიზაციას შს სამინისტრომ მიაწოდა. სტატისტიკური მონაცემები 2006 – 2014 წლის 10 თვეს მოიცავს.
„როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, მკვლელობის შემთხვევების მაჩვენებელმა ყველაზე მაღალ ნიშნულს 2007 წელს მიაღწია, როდესაც საქართველოს მასშტაბით აღნიშნული დანაშაულის 249 შემთხვევა დარეგისტრირდა. მომდევნო წლებში მაჩვენებელი ეტაპობრივად იკლებდა და 2011 წელს მხოლოდ 90 მკვლელობის შემთხვევა ფიქსირდება საქართველოში. 2012 წელს კვლავ შეინიშნება აღნიშნული დანაშაულის მატების ტენდენცია, როდესაც 2011 წელთან შედარებით 13 შემთხვევით იმატა.
სამწუხაროდ, შეუძლებელია მოცემული ტენდენციის უტყუარი შეფასება 2013–2014 წლებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ მოცემული წლების პირველი 10 თვის მდგომარეობით, თუმცა აღნიშნული მონაცემებით შესაძლებელია გარკვეული დასკვნების გამოტანა ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული მკვლელობების შესახებ.
მაგალითად, 2013 წლის 10 თვის განმავლობაში დაფიქსირებულია დაახლოებით იმავე ოდენობის მკვლელობის შემთხვევა, რაც 2012 წლის განმავლობაში სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, მკვლელობების რიცხვი გაიზრდებოდა. განსხვავებული მდგომარეობაა 2014 წლის შემთხვევაში, როდესაც 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2014 წელს დაფიქსირებული მკვლელობების რაოდენობა შემცირებულია 20 ერთეულით“, – ნათქვამია IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

mkvleloba

ორგანიზაცია კვლევაში ყურადღებას უთმობს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელსაც. დოკუმენტისა და სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოში რეგისტრირებული მკვლელობებიდან, ყველაზე მეტი დანაშაული 2014 წელს გაიხსნა.

mkvlelobiisgaxsna6

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები