„ჩემი დევიზია – ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ქართული სპეცსამსახურები“
ჩემი დევიზია – ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ქართული სპეცსამსახურები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაარსებიდან ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ადამიანების ვიწრო ჯგუფს არ ესმის იმის მნიშვნელობა, თუ რატომ უნდა იყოს კიდევ უფრო ძლიერი პოლიცია.
“ჩემთვის პირადად, კიდევ უფრო ძლიერი შინაგან სამინისტრო ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. ჩემი დევიზია- ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ქართული სპეცსამსახურები. ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატების, განვითარებისა და წინსვლის საწინდარი. მე მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო მოქალაქეებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც, სამწუხაროდ, არ ესმით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, თქვენი მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობის ფასი”, -განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა თითოეულ პოლიციელს თანადგომა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მან კარგად იცის მათი მძიმე სამსახურის ფასი.
“მე მინდა ამ ადამიანებს ვკითხო, ვისაც არ სურთ თქვენი ძლიერება- რას აკეთებენ ისინი ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად? არაფერს! მათგან განსახვავებით, მეც, თქვენთან ერთად შემიძლია ვიამაყო ჩვენი მიღწევებით, დაუღალავი შრომით ქვეყნის გასაძლიერებლად. ჩვენ ასე გვესმის სახელმწიფოს ძლიერება, მშენებლობა. ეს გზა გაიარა ყველა ძლიერმა, წარმატებულმა ქვეყანამ მსოფლიოში და მე მინდა, რომ ეს გზა ჩვენ – ყველამ ერთად გავიაროთ. მე მიგულეთ თქვენს რიგებში, როგორც ერთ – ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ვინაიდან კარგად ვიცი თქვენი მძიმე სამუშაო და მე ამას ვაფასებ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.