ადვოკატი: “კაბელების საქმე”, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა, დაახლოებით 10 ტომია

    პროკურორ ჯარჯი წიკლაურის მიერ „კვირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით რომ „კაბელების საქმე“ მხოლოდ 5 ტომს მოიცავს და საქმის ადვოკატები თემით სპეკულირებენ, თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღლაჩინოსნების ერთ-ერთი ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ეხმაურება. ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატებმა კონკრეტულად არ იციან, რამდენი ტომისგან შედგება საქმის მასალები, რომლებსაც გუშინ გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა. როგორც „კვირას“ ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, მასალები დაახლოებით 2500 გვერდს შეადგენს, რაც მისი ვარაუდით, დაახლოებით 10 ტომია. ადვოკატებმა საქმის მასალების დახარისხება და გაცნობა უკვე დაიწყეს. „მასალები პროკურატურიდან გუშინვე წამოვიღეთ. ის მოცულობით დაახლოებით 2500 გვერდია. ზოგადად, თითო ტომი 250-დან 300 გვერდამდეა. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქმის ნაწილი, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა, დაახლოებით 10 ტომია. კატეგორიულად ვერ მივიღებ პროკურორის განცხადებას, რომ მასალები 5 ტომისგან შედგება. პროკურორი თითოეულ ტომში 1000 გვერდს თუ გულისხმობს, ეს არ ვიცი, მე ვსაუბრობ იმაზე, რაც სტანდარტია“, – განუცხადა “კვირას“ სოსო ბარათაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატებმა პრეტენზია გამოთქვეს მასალების გასაცნობად დარჩენილ მცირე ვადებთან დაკავშირებით, რადგან სასამართლო პროცესი 11 დეკემბერს არის ჩანიშნული. კიდევ ერთი საკითხი: პროკურორის შეფასებას, რომ უმეცრებაა ადვოკატების განცხადებები, თითქოს მათ, როგორც იურიდიულ პირებს, არ შეეძლოთ კონტრდაზვერვისთვის მიემართათ იურიდილი პირის სტატუსით – სოსო ბარათაშვილი გაუგებარს უწოდებს. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის შესაბამისად, კონკრეტულად კი, ამ კანონის მე-20 მუხლით სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საიდუმლოების ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ საწარმოზე, დაწესებულებასა და ორგანიზაციაზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მოქმედ ადვოკატთა უდიდესი უმრავლესობა საქმიანობს როგორც ფიზიკური პირი, ისინი ცხადია, არ მოიაზრებიან კანონის აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ პირთა შორის. ეს გარემოება კარგად გვიჩვენებს, რომ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს დაცვისა და ბრალდების მხარეების ურთიერთობას სისხლის სამართალწარმოების პროცესში“, -აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

დაკავებული მაღალჩინოსნების კიდევ ერთი ადვოკატი ლევან სამუშია სოსო ბართაშვილის პოზიციას იზიარებს, თუმცა, ამ ეტაპზე, ვრცელი კომენტარისგან თავს იკავებს. “გუშინ ღამე წამოვიღეთ საქმის მასალები, ვახარისხებთ და ეტაპობრივად ვეცნობით, ვრცელ კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ“, – განუცხადა “კვირას“ ლევან სამუშიამ.

შეგახსენებთ, რომ „კვირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ ადვოკატები ამ შემთხვევაშიც ცრუობენ: „რაც შეეხება ადვოკატების არგუმენტებს, თითქოს მათ იურიდილი პირის სტატუსით არ შეეძლოთ კონტრდაზვერვისთვის მიემართათ, ჩემი აზრით, ეს სრული უმეცრებაა. ადვოკატებს განცხადება შეეძლოთ მოემზადებინათ თუნდაც, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სახელით, რომელიც თითქმის ნახევარი საქართველოს ადვოკატირებას ეწევა და ჩვენ, პროკურატურას ხშირად გვაკრიტიკებს, ეს ორგანიზაცია ხომ იურიდიული პირია? ამ კონკრეტული საქმის ადვოკატები მათი წევრები არიან… ასევე შეეძლოთ წერილი „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ სახელით მოემზადებინათ, რომელიც სრულიად საქართველოს ადვოკატებს, მათ შორის ამ პირებსაც აერთიანებს… მაგრამ, მათი მიზანი არ ყოფილა მტკიცებულებების გაცნობა, მათ სურდათ უფლებადარღვეულ პირებად წარმოეჩინათ თავი“, – აღნიშნა წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები