სკოლის დირექტორი სასწავლო პროცესის დროს მოსწავლის გაუპატიურების ფაქტს გამორიცხავს
გურჯაანის რაიონის ერთ- ერთი სოფლის დირექტორი მე-7 კლასელის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. თუმცა, სკოლის დირექტორი „კვირასთან“ აცხადებს, რომ მოსწავლის გაუპატიურების შესახებ ჭორი თავადაც შეიტყო.
„არაფერი არ ვიცი, ძალიან გთხოვთ, დაუზუსტებელ და დაუდასტურებელ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ. საქმე არასწრულწლოვნებს ეხება. სასწავლო პროცესში ჩემი სკოლის მოსწავლეების ყველა მოქმედება კონტროლდება, თუმცა სასწავლო პროცესის შემდეგ რა ხდება, მე არ ვიცი. ჩემი სკოლის მოსწავლეების შესახებ ინფორმაცია ჭორის სახით მეც გავიგე, მაგრამ ვერაფერს გეტყვით, რაც არ ვიცი“, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
მისი თქმით, მე-7 კლასელი გოგონა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ბიჭებმა გააუპატიურეს, დღეს სკოლაში არ გამოცხადებულა. დირექტორი „კვირასთან“ ამბობს, რომ საჯარო სკოლის არცერთი მოსწავლე სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „გურჯაანმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე მე-8 კლასელმა მოსწავლემ მე-7 კლასელი გოგონა გააუპატიურა. ერთ-ერთი მშობლის თქმით, მოსწავლეებმა გოგონას სურათები გადაუღეს და შანტაჟის გამოყენებით, მასზე 2 თვის განმავლობაში ძალადობდნენ.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დამატებითი ინფორმაცია ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.