არჩილ გამზარდია პრემიერს გამონათქვამებს უწუნებს

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია პრემიერს გამონათქვამებს უწუნებს და რჩევას აძლევს. გამზარდიამ ღარიბაშვილი საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ალასანიას მისამართით გამოთქმული ხისტი განცხადებების გამო გააკრიტიკა.
მისი თქმით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნორმად იქცა ის, რომ როცა სუბიექტებს ერთობა სჭირდებათ, ლამის ღვთაებრივი კავშირის დონეზე აიყვანონ თანამშრომლობა, ხოლო როცა მომგებიანი აღარ არის, ჩააქვესკნელონ.
„ ქართველ პოლიტიკოსებს არა აქვთ პარტნიორობის უნარი, ამიტომ მათი ურთიერთკომუნიკაცია ძირითად შემთხვევაში ყალბია. გუშინ გმირად წარმოდგენილი მინისტრი დღეს შეიძლება წარმოაჩინონ, როგორც ქვეყნის მოღალატე. ერთ შემთხვევაში პოლიტიკურ სუბიექტებს ერთმანეთის არაადეკვატური ქება სჭირდებათ იმისათვის, რომ ნდობის ფაქტორი ხელოვნურად მაინც შექმნან, შემდეგ კი, როდესაც ეს ნდობა მათთვის მომგებიანი აღარ ხდება, ცდილობენ ერთმანეთის დისკრედიტაციას. ეს არის არასწორი. პოლიტიკური სუბიექტები ისე არ უნდა ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, როგორც ქუჩაში ლაპარაკობენ. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ერთ დღეს აცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრის ბადალი არავინ არის და მეორე დღეს ის აღმოჩნდა ავანტიურისტი და ქვეყნის მოღალატე. კარგია, რომ პრემიერმა ამ კუთხით საკუთარ თავს შენიშვნა მისცა. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, სამწუხაროდ, ასე ურთიერთობს. როცა პოლიტიკური კავშირი არის მომგებიანი, ის ლამის აყვანილია საღვთო კავშირამდე და რა შემთხვევაშიც არის მათი ურთიერთობები არასასურველი, იმ შემთხევაში ჩააქვესკნელებენ ხოლმე ერთმანეთს. ეს არის ცალსახად უარყოფითი პროცესი. არ შეიძლება ხელისუფალი გამოდიოდეს უხეში, ხისტი ტექსტებით. ამას ვურჩევდით მიხეილ სააკაშვილსაც და ამას ვურჩევთ ღარიბაშვილსაც“,- განაცხადა არჩილ გამზარდიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებულ ირაკლი ალასანიას “ავანტიურისტი”, “უჭკუო” და “ამბიციური” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები