გოგა ხაინდრავა: ზუსტად „თავისუფალი დემოკრატების“ მოქმედება უშლის ხელს საქართველოს არჩეულ კურსს
განგვიმარტონ ქალბატონმა ფანჯიკიძემ, ასევე ბატონებმა – პეტრიაშვილმა და ალასანიამ, ვინ იყო ის, ვინც მათ ხელი შეუშალა ევროატლანტიკური კურსის განხორციელებაში, – ამის შესახებ კინოდოკუმენტალისტმა და ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ალასანიას განცხადება არგუმენტირებულად არ იქნება განმარტებული, ეს ქვეყნის მიმართ პოლიტიკური საბოტაჟია.
,,როგორც თავად ამბობენ, აღებული კურსის განხორციელებას საფრთხე შეექმნა და გაჩნდა უამრავი კითხვა. ამიტომ გამობრძანდნენ და განგვიმარტონ ქალბატონმა ფანჯიკიძემ, ასევე ბატონებმა – პეტრიაშვილმა და ალასანიამ, ვინ იყო ის ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, ან ინსტიტუცია, ვინც მათ ხელი შეუშალა და კონკრეტულად, რაშია გამოხატული ხელის შეშლა. თუ არ იქნება დასახელებული კონკრეტული ადამიანები და პოლიტიკური ჯგუფი, ვისაც ისინი გულისხმობდნენ, ეს იქნება პოლიტიკური საბოტაჟი“, – აცხადებს ხაინდრავა.
მისივე შეფასებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსს სწორედ ,,თავისუფალი დემოკრატების“ ქმედებები უშლის ხელს.
,,ზუსტად მათი მოქმედებაა საქართველოს არჩეული კურსისთვის ხელის შეშლა. ალასანიას განცხადებამ რა ზიანიც მიაყენა ქართულ სახელმწიფოს, ასეთი, ,,ნაციონალური მოძრაობის“ მარგინალური და დანაშაულებრივი ჯგუფის გარდა, არავის მიუყენებია“,- განაცხადა ხაინდრავამ.
ამასთან, მისი თქმით, ექმინისტრმა ალასანიამ თავისი ქმედებებით იმ ძალების წისქვილზე დაასხა წყალი, რომლებიც ,,ნაციონალების“ დახმარებით საქართველოში გავლენას ინარჩუნებენ.