დავით თევზაძე: პეტრიაშვილიც კი უფრო გაბედული აღმოჩნდა, ვიდრე ალასანია!
„ირაკლი ღარიბაშვილი მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო“ – აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. ამავე ინტერვიუში დავით თევზაძე კატეგორიულად გამორიცხავს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაპატიმრებას პოლიტიკური ნიშნით. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ირაკლი ალასანიამ ახალი პოლიტიკური ცხოვრების დასაწყებად მშვენიერი მომენტი შეარჩია.
„ირაკლი ალასანიამ მშვენიერი მომენტი შეარჩია ახალი პოლიტიკური ცხოვრების დასაწყებად, არჩევნებამდე ორი წლით ადრე გადაწყვიტა ოპოზიციურ ფლანგზე გადასულიყო, მაგრამ ნერვებმა უმტყუნა. უფრო ვაჟკაცური ნაბიჯი იქნებოდა, განცხადებების გაკეთების ნაცვლად, თანამდებობიდან გადამდგარიყო. მას შემდეგ, რაც ალასანიამ იერიში მთავრობაზე მიიტანა, რომლის წევრიც თავად გახლდათ, პრემიერი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. ბუნებრივია, ირაკლი ღარიბაშვილი მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო! ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრი აშკარად უფრო მომგებიან პოზიციაშია. პეტრიაშვილიც კი უფრო გაბედული აღმოჩნდა, ვიდრე ალასანია! ირაკლი ალასანიამ თავისი მოქმედებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ იყო უწყებაზე კონცენტრირებული მინისტრი, მისთვის თავდაცვის სამინისტრო განიხილებოდა, როგორც ტრამპლინი კიდევ უფრო მაღალი საფეხურისთვის“, – აცხადებს დავით თევზაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.