ვალერი გელბახიანი: ალასანია და „თავისუფალი დემოკრატები“ ბიძინა ივანიშვილმა აქცია მოქმედ პოლიტიკოსებად
ძალიან არ მომწონს, როცა ვითარდება თეორია, რომ ქვეყანა კულისებიდან იმართება და ამაში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს გულისხმობენ, – ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელბახიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ირაკლი ალასანიამ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ მოქმედ პოლიტიკოსებად აქცია.
„ძალიან არ მომწონს, როცა ვითარდება თეორია, რომ ქვეყანა კულისებიდან იმართება და ამაში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს გულისხმობენ. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც დაწყებულია ამ თეორიის ფორმირება და ეს ძალიან სახიფათოა საქართველოსთვის. მეორე მხრივ, ალასანიასა და მისი გუნდისაგან ძალიან მიკვირს, როცა ამბობენ, ბიძინა ივანიშვილთან სალაპარაკო არაფერი გვაქვსო! ალასანია და „თავისუფალი დემოკრატები“ სწორედ ბიძინა ივანიშვილმა აქცია მოქმედ პოლიტიკოსებად, თორემ მანამდე ისინი ჭაობის პოლიტიკოსები იყვნენ! ამიტომ ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად აქვს მორალური უფლება, მათ პასუხი მოსთხოვოს!“ – აცხადებს ვალერი გელბახიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელბახიანი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დაიშლება.
„ამ წუთისთვის ნამდვილად ვერ ვხვდები, რომ კოალიციას რაიმე საფრთხე ემუქრება, მაგრამ თუ „რესპუბლიკელებმა“ განაგრძეს დღევანდელი რიტორიკა და ვერ მიიღეს ის, რასაც ახალი გადანაწილების ფონზე ელოდებიან, მაშინ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობა აღარ ექნება! დარწმუნებული ვარ, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშლება!“ – აცხადებს ვალერი გელბახიანი.