არჩილ გამზარდია: ალასანიამ დამოუკიდებელი თამაშის დასაწყებად პირველივე მიზეზი გამოიყენა

ექსპერტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მოვლენებს წინ გაუსწრო, როცა პროკურატურა თავდაცვის უწყების მიმართ მიზანმიმართულ დევნაში დაადანაშაულა. ამის შესახებ გამზარდიამ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.
,,გასაგებია, რომ პოლიტიკაში ცალკეული შემთხვევა შეიძელბა გამოიყენო ამა უ იმ გადაწყვეტილების მიზეზად, მაგრამ ამ პროცესებში პროკურატურის მოქმედებას პოლიტიკურ დევნად ვერ განვიხილავ. საქმე ის არის, რომ პროკურატურის მოქმედება სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ნიშნავს. მიმაჩნია, რომ ალასანიამ და მისმა გუნდმა მოვლენებს წინ ძალიან გაასწრეს. როდესაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ხარ, კარგად უნდა იცოდე, რომ პროკურატურამ შეიძლება ვინმე დაუსაბუთებლად დააკავოს და მოიქცეს არასამართლიანად, მაგრამ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები, არსებობს სასამართლო და უნდა დაელოდო, როგორ გაბათილდება ეს დაუსაბუთებელი ბრალდებები სწორედ სასამართლოში. თუ პროკურატურა პოლიტიკურად იყო მოტივირებული, ეს თანდათან აუცილებლად თვალსაჩინო გახდებოდა, რის შემდგომაც ალასანიასა და მისი გუნდის საპირისპირო ნაბიჯები უკვე გამართლებულიც იქნებოდა“,- აცხადებს გამზარდია.
ექსპერტის შეფასებით, ალასანიას დამოუკიდებელი თამაშის დაწყების სურვილი ჰქონდა და ამისთვის პირველივე მიზეზი გამოიყენა.
,,ისიც ფაქტია, რომ ალასანია საკმაოდ ამბიციური პოლიტიკური ლიდერია, რომელიც აქამდე დამოუკიდებლად მაინცდამაინც დიდი პერსპექტივების შექმნას ვერ ახერხებდა, ვნახოთ, დღეს მოცემულ ვითარებას როგორ გამოიყენებს. პირადად მე არსებული ვითარება მაძლევს უფრო იმგვარ სურათს, რომლის მიხედვითაც ალასანიას ჰქონდა დამოუკიდებელი თამაშის დაწყების სურვილი და ამისთვის პირველივე მიზეზი გამოიყენა“,-აღნიშნავს არჩილ გაზარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები