რუსული პრესა ირაკლი ალასანიას შესახებ სკანდალურ მასალას აქვეყნებს – “ალასანია ამერიკის კონტრდაზვერვის თამაშში მონაწილეობდა“

ირაკლი ალასანია რუსი დიპლომატის წინააღმდეგ ამერიკის კონტრდაზვერვის თამაშში მონაწილეობდა, – ამ სათაურით „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით სკანდალურ სტატიას აქვეყნებს.
„მოსკოვსკი კომსომოლეცი“ ყოფილ თავდაცვის მინისტრზე ირაკლი ალასანიაზე სკანდალურ და ფართო საზოგადოებისთვის უცნობ დეტალებზე წერს. გამოცემა აშშ-ში დიდი ხნის მანძილზე მომუშავე ერთ-ერთი დიპლომატის ინფორმაციაზე დაყრდნობით, წერს, რომ ირაკლი ალასანიას საქართველოს დაზვერვის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის ამზადებდნენ. გარდა ამისა, ალასანია რუსი დიპლომატის წინააღმდეგ ამერიკის კონტრდაზვერვის თამაშში მონაწილეობდა.
„ჯერ კიდევ ახალგაზრდა ირაკლი ალასანია აშშ-ში საქართველოს საელჩოში გაუშვეს სამუშაოდ. სავარაუდოდ, აქ იმ როლმა ითამაშა, რომ მისი მამა, საბჭოური „კა გე ბეს“ თანამშრომელი აფხაზეთში ომის დროს დაიღუპა. საელჩოში ახალგაზრდა ნიჭიერ კაცს ამერიკელებმა მიაქციეს ყურადღება და „ცე რე უს“ სკოლაში აიყვანეს. ალასანიამ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის დამუშავებული პროგრამით სპეციალური მომზადება გაიარა. მას საქართველოს დაზვერვის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის ამზადებდნენ. ის რუსი დიპლომატის წინააღმდეგ ამერიკის კონტრდაზვერვის თამაშში მონაწილეობდა. ალასანიას გამო ეს დიპლომატი – ახალგაზრდა კაცი, რომელთანაც ალასანია მეგობრობდა, აშშ-ში პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს“, – დიპლომატის სიტყვებზე დაყრდნობით წერს „მოსკოვსკი კომსომოლეცი“.
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, ალასანია მოსკოვში მამის ყოფილ თანამშრომლებისთვის მიუმართავს თხოვნით, რომ მამის ნაშთი ეპოვათ.
თუმცა სათხოვარი ან „არ“ ან „ვერ“ შეუსრულეს. (ალასანიას მამა ჟიული შარტავასთან ერთად დაცხრილეს იმის შემდეგ, რაც ისინი ტყვედ ჩაბარდნენ სოხუმში 1993 წელს), – წერს „მოსკოვსკი კომსომოლეცი“. გამოცემის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ირაკლი ალასანიას ერთ დროს სააკაშვილის შესაძლო მემკვიდრედ განიხილავდნენ. თუმცა მის მერე ალასანიას რეიტინგი საგრძნობლად დაეცა, – წერს „მოსკოვსკი კომსომოლეცი“.
„მოსკოვსკი კომსომოლეც“-ის სტატიაში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის ვალერი ხაბურძანიას ციტატაც მოჰყავს.
„ის, რომ ალასანიას თანამშრომლები კორუფციით იყვნენ დაკავებულები – ფაქტია. ბევრი თავდაცვის სამინისტროს ტენდერების წყალობით გამდიდრდა“, – ამბობს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია. ხაბურძანიას თქმით, ალასანიას ამის შესახებ აფრთხილებდნენ. თუმცა მან მაინც თავისი თანამშრომლების ამ ქმედებების დამალვა ამჯობინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები