„ ეს იყო „თავდაცვის სამინისტროს და ალასანიას მიმართ მიზანმიმართული შეტევა“

„თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით აშკარად მიზანმიმართული შეტევა განხორციელდა, არავინ არის ისეთი გულუბრყვილო, არ ესმოდეს, რომ ეს იყო მიმართული ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ“, – აღნიშნული განცხადება პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან თავდაცვის სამინისტროს მიმართ შეტევამ ქვეყანაში კრიზისული სიტუაცია წარმოქმნა და საფრთხეები გააძლიერა. ჩიხრაძემ ასევე მმართველი კოალიციის პოლიტიკურ პლატფორმაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ დრომდე ხელისუფლების პროდასავლურობის მთავარი არგუმენტი მასში „თავისუფალი დემოკრატებისა“ და ირაკლი ალასანიას არსებობა იყო, დღეს კი ეს არგუმენტიც აღარ არსებობს.
„თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით აშკარად მიზანმიმართული შეტევა განხორციელდა, არავინ არის ისეთი გულუბრყვილო, არ ესმოდეს, რომ ეს იყო მიმართული ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ. ალასანია იყო გამოკვეთილად რეიტინგული ფიგურა, რომელიც აშკარად არ ერიდებოდა განსხვავებული ხასიათის განცხადებების გაკეთებას, თუნდაც საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით. უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ინტერესები სერიოზულად დაზიანდა. ჩვენ ახლა ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო ვითარებაში ვიმყოფებით, გამომდინარე საგარეო ვითარებიდან, საფრთხეებიდან. ის, რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების მოლოდინში ვართ, ის, რომ უელსის სამიტის გადაწყვეტილებები არის შესასრულებელი… ასეთ დროს იერიშის მიტანა თავდაცვის სამინისტროზე დაუშვებელია. ეს იერიშის მიტანა მოხდა ისეთი ტიპის საქმეზე, რომელთა შესახებაც ჩვენ 2 წლის წინაც ვიცოდით, მაგრამ ის, რომ ეს თაროზე შემოდებული საქმეები მნიშვნელოვან პოლიტიკურ კონტექსტში ცოცხლდება, იყო ყოფილი ხელისუფლების პრაქტიკა, რომელიც სრულად გადმოიბარა ახალმა ხელისუფლებამ. კოალიციაში ისეთი პროდასავლური ძალების, სუბიექტების და პერსონების ყოფნა, როგორიცაა: „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“, ირაკლი ალასანია… იყო არგუმენტი ხელისუფლების ხელში, რომ მათი გუნდი იყო პროდასავლური. დღეს კი უკვე სხვა რეალობა შეიქმნა“,- განაცხადა ფიქრია ჩიხარძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული ფაქტის შემდგომ მინისტრთა კაბინეტის ორმა წევრმა: ალექსი პეტრიაშვილმა და მაია ფანჯიკიძემ პირადი სურვილით დაკავებული თანამდებობები დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები