სტიქიამ სოფელ ნაგომარში თამაზ მარკოიძის ოჯახს პრობლემები შეუქმნა
ძლიერმა ქარმა და წვიმამ, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნაგომარში მცხოვრებ თამაზ მარკოიძის ოჯახს პრობლემა შეუქმნა, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოიშალა – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აქვეყნებს.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო მწყობრიდან გამოვიდა 35 – კილოვატგადამცემიანი ხაზი. მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს – გურიანთას, მერიას, კონჭკათს და ხვარბეთს, ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა.
„ეს სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, ზაფხულში სტიქიის დროს დავეხმარეთ, მაგრამ ეს ალბათ არ იყო საკმარისი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები – ყველანი საქმის კურსში არიან და, შესაბამისად, ამ ოჯახს აუცილებლად გაეწევა დახმარება. ბავშვები ამ წუთას მეზობლებთან არიან გადაყვანილი”, – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ნაგომარში, მიხეილ ცქვიტიშვილმა.