თურქეთში, მალათიის პროვინციის დოღანშეჰირის რაიონში, სამგზავრო ავტობუსის გადატრიალების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, საქალაქთაშორისო ავტობუსის მძღოლმა, რომელიც მალათიიდან ადიამანის მიმართულებით მოძრაობდა, მართვაზე კონტროლი დაკარგა, რის შემდეგაც ავტობუსი გადაბრუნდა და თხრილში ჩავარდა.
ადგილზე დიდი რაოდენობით სამაშველო, სასწრაფო დახმარების და საპოლიციო ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.
ავტობუსში ჩარჩენილი მგზავრები სამაშველო ჯგუფებმა გადაარჩინეს და სამედიცინო პერსონალს გადასცეს. სამედიცინო პერსონალმა მძღოლი, ავტობუსის ეკიპაჟის სამი წევრი და 40 მგზავრი ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ცნობილი გახდა, რომ დაშავებულთაგან ოთხი, რომელთა ვინაობაც უცნობია, საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო 10 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.
სამგზავრო ავტობუსი კომპანია Muş Yolu Turizm-ს ეკუთვნოდა.