14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება
14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, ის კულტურული მეხსიერების მატარებელი, იდენტობის სულისჩამდგმელი და კოლექტიური თვითშეგნების საფუძველია.
„დედაენა ქმნის იმ უხილავ სივრცეს, სადაც ისტორია, ტრადიცია და პირადი გამოცდილება ერთ მთლიანობაში ერთიანდება.
თითოეული სიტყვა, რომელსაც ვამბობთ, ატარებს წარსულის ნაკვალევს და ამავდროულად აყალიბებს მომავალს.
სწორედ დედაენის მეშვეობით ვახერხებთ სამყაროს გააზრებას არა მხოლოდ ლოგიკურად, არამედ ემოციურადაც − ის განსაზღვრავს ჩვენს ხედვას, ღირებულებებსა და თვითაღქმას.
გლობალიზაციის ეპოქაში, როდესაც კულტურული საზღვრები თანდათან იშლება, დედაენის შენარჩუნება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.ის გვიცავს ერთფეროვნებისგან და გვაძლევს უნიკალურობას, რომელიც დროის ცვლილებასთან ერთად არ იკარგება და არის არა მხოლოდ მემკვიდრეობა, არამედ პასუხისმგებლობაც − შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და ღირსეულად გადავცეთ მომავალ თაობებს ის, რაც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს.
აღსანიშნავია, რომ ქართული ენის სწავლების გასამარტივებლად და გასავრცელებლად იაკობ გოგებაშვილმა შექმნა „დედა ენა“, რომელიც პირველად 150 წლის წინ, 1876 წელს გამოიცა. ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური წიგნია ქართულ საგანმანათლებლო ისტორიაში და დიდ როლს თამაშობს ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებასა და გააზრებაში“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.