სოსო გიორგაძე აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ მცხეთის სათავო ოფისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელს დიანა კოსტას უმასპინძლა.
შეხვედრის მონაწილეებმა საქპატენტსა და აშშ-ის საელჩოს შორის წლების განმავლობაში არსებულ პოზიტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. საქპატენტის თავმჯდომარემ ამერიკული მხარის მონაწილეობით შესრულებული პროექტების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა სტუმრებს თანამშრომლობისათვის.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქპატენტში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის განსაკუთრებით აღინიშნა პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის რეფორმა, რომლის შედეგად ჩამოყალიბდა თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც ორიენტირებული პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმების გაძლიერებაზე. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა ევროპის საპატენტო ორგანიზაციასთან ვალიდაციის შეთანხმების რატიფიცირება, რის შედეგადაც საქართველოში შესაძლებელი გახდა ევროპული პატენტების აღიარება, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს უცხოელი განმცხადებლებისთვის საპატენტო დაცვის მიღებას.
საუბარი შეეხო, აგრეთვე, ახალი სამაგისტრო პროგრამის „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ დანერგვას, რომელიც ამოქმედდა WIPO-ს, KIU-სა და საქპატენტს შორის გაფორმებული სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე და წარმოადგენს უნიკალურ საგანმანათლებლო ინიციატივას რეგიონში. აღინიშნა საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში განხორციელებული რეფორმაც, რომლის შედეგადაც განისაზღვრა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების აკრედიტაციის წესი და დაინერგა ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების თანამედროვე, გამჭვირვალე მექანიზმები.
საქპატენტის წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარეს მიაწოდეს სტატისტიკური მონაცემები საქართველოში რეგისტრირებული ამერიკული წარმოშობის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შესახებ. მათ შორის პატენტების, სასაქონლო ნიშნებისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე იმსჯელეს, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, ინტერნეტ-მეკობრეობის პრობლემაზე, რომელიც ციფრულ გარემოში ავტორთა და სხვა უფლებამფლობელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამასთან, განიხილეს აღნიშნული მიმართულებით მსოფლიოში არსებული საუკეთესო გამოცდილება და საკანონმდებლო პრაქტიკა.
შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური და კომერციული მიმართულების სპეციალისტი ნია ლომაძე, საქპატენტის მხრიდან – თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი, სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დარეჯან მჭედლიძე, საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ნინი ჯინჭარაძე.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, მომავალშიც გააგრძელონ აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებასა და ინოვაციური გარემოს განვითარებას.