გურამ მაჭარაშვილი – ტრამპის ადმინისტრაცია ხვდება, რომ საქართველო არაფერ შუაშია იმ ნეგატიურ დამოკიდებულებაში, რომელიც ქვეყანასთან მიმართებით ბაიდენის ადმინისტრაციამ შექმნა
“ტრამპის ადმინისტრაცია ხვდება, რომ საქართველო არაფერ შუაშია იმ ნეგატიურ დამოკიდებულებაში, რომელიც ქვეყანასთან მიმართებით ბაიდენის ადმინისტრაციამ შექმნა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გვარამიათი დაწყებული, „ენჯეოებით“ დასრულებული, დონალდ ტრამპს ლანძღავდნენ და ახლა ახალ ადმინისტრაციასთან პოზიტიური დამოკიდებულება არ გაუხარდებათ.
„ეს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა. შესაბამისად, ჩვენი დელეგაციის ვიზიტი იმას ნიშნავს, რომ ის რეალობა ახსნადი და გამჭვირვალე გახდა, რაც იყო, სამწუხაროდ, ამერიკა-საქართველოს შორის. კარგია ის, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ხვდება, რომ საქართველო არაფერ შუაშია იმ ნეგატიურ დამოკიდებულებაში, რაც არსებობდა – ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ნეგატიური დამოკიდებულება შეიქმნა. ჩვენ მზად ვართ, რომ ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობებში პოზიტიური ნაბიჯები იყოს გადადგმული. ეს ვიზიტი იმას ნიშნავს, რომ პროცესი დაწყებულია. ჩვენი ელჩის ამერიკაში გააქტიურება პარტნიორული ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებას ნიშნავს, რაც მისასალმებელია. რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, „ნაცმოძრაობა“ ლანძღავდა და ლანძღავს. მათი აზრით, ტრამპი რუსული პროექტია. გვარამიათი დაწყებული, „ენჯეოებით“ დასრულებული, დონალდ ტრამპს ლანძღავდნენ და არ მგონია, ახალ ადმინისტრაციასთან პოზიტიური დამოკიდებულება გაუხარდეთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.