ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან, იაშარ გიულერთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა სატელეფონო საუბარი თურქ კოლეგასთან, იაშარ გიულერთან გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საუბარი რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.
„ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა რეგიონში არსებული ვითარება და მასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილეს. ირაკლი ჩიქოვანმა და იაშარ გიულერმა ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვეს და მზადყოფნა გამოხატეს, წვლილი შეიტანონ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.