ავთანდილ კასრაძე და Glovo-ს დამფუძნებელი და ტექნოლოგიური ლიდერი საშა მიშუ, თბილისის ტექნოპარკში, სტარტაპებს შეხვდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე და Glovo-ს დამფუძნებელი და ტექნოლოგიური ლიდერი საშა მიშუ, თბილისის ტექნოპარკში, სტარტაპებს შეხვდნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართველმა სტარტაპერებმა უშუალოდ Glovo-ს თანადამფუძნებლისგან მოისმინეს კომპანიის განვითარების ისტორია და პრაქტიკული რჩევები. საშა მიშუმ აუდიტორიას გაუზიარა, როგორ ჩამოყალიბდა Glovo-ს იდეა, ისაუბრა სტარტაპის განვითარების საწყის ეტაპებზე, თავდაპირველ შეცდომებსა და სტრატეგიულ ცვლილებებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბის ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნას ახლავს. შეხვედრაზე განხილული იყო, როგორ იწყება კარიერა ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში — საჭირო უნარები, სტარტაპერებისთვის მნიშვნელოვანი რჩევები და განსხვავება დამფუძნებლებსა და შემქმნელებს შორის.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ GITA – თვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველ სტარტაპებს ჰქონდეთ შესაძლებლობა უშუალოდ გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებისა და ლიდერების გამოცდილებიდან მიიღონ პრაქტიკული რჩევები, რაც მათ საქმიანობაში გამოადგებათ.

“ასეთი შეხვედრები ეხმარება სტარტაპებს უკეთ გაიგონ, როგორ ვითარდება იდეა საერთაშორისო მასშტაბის პროდუქტად და რა ნაბიჯებია საჭირო გლობალურ ბაზარზე წარმატებისთვის. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო გააგრძელებს ისეთი პლატფორმების შექმნას, სადაც ქართული სტარტაპები მიიღებენ ცოდნას, გაიღრმავებენ კონტაქტებსა და შესაძლებლობებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან დასაკავშირებლად.” – აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ვითარდება ტექნოლოგიებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით. Glovo-ს მსგავსი გლობალური გამოცდილების გაზიარება პირდაპირ პასუხობს ადგილობრივი მეწარმეების საჭიროებებს — როგორ მასშტაბირდეს იდეა და როგორ გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები