“ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები კონგრესმენებთან. ვხედავთ, რომ სრულიად შეცვლილია ის რიტორიკა, რომელსაც ჩვენ წინა ადმინისტრაციის პერიოდში ვიღებდით. ძალიან პრაგმატული არის ჩვენი შეხვედრები. ეს ეხება უშუალოდ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის არა თუ აღდგენას, არამედ თვისობრივ გაუმჯობესებას. სრულიად ახალი ფურცლიდან დაწყებას, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგებზე”,- ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
მისი თქმით, კონგრესმენებთან კომუნიკაციის გაგრძელება მნიშვნელოვანია.
„დღეს ადმინისტრაცია არის ძალიან პრაგმატული. ეს უშუალოდ გამოიხატება ჩვენი ქვეყნის, რეგიონის, როგორც ეკონომიკური მიმართულების და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით განხილვაში. ჩვენ საუბარი გვქონდა, როგორც „შუა დერეფნის“ როლზე, საქართველოს როლზე ამ პროცესში. მნიშვნელოვანია ის, რომ გავაგრძელოთ კონგრესმენებთან ის მნიშვნელოვანი კომუნიკაცია, რომელიც პირველ რიგში არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას, საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას ეხება. ასევე, ეხება იმ კეთილდღეობას, რომელიც პირდაპირ გამოიხატება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაში, გამოიხატება აშშ-დან ინვესტიციაში.
წინა ადმინისტრაციის მხრიდან ინვესტიციები ხდებოდა მხოლოდ ფსევდოლიბერალურ ღირებულებების პროპაგანდაში და მათი რესურსები ხმარდებოდა ჩვენს ქვეყანაში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლას. დრეს ვხედავთ, რომ ამ ადმინისტრაციაში სრულიად შეცვლილია განწყობები. შეცვლილია დამოკიდებულება და მათი ინვესტიციები მიემართება ეკონომიკის, ვაჭრობის და იმ რეალური ხელშესახები შედეგებისკენ, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს რეალურად თვისობრივად გადაახალისებს“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.