ხელოვნების სასახლეს ინდო – ირანული მინიატურების უნიკალური კოლექცია გადაეცა საჩუქრად

ხელოვნების სასახლეს საზოგადოება „ლევილი 1918“-ის დამფუძნებელმა ლადო ბებიამ და ასევე თამაზ გუჯეჯიანმა საჩუქრად გადასცეს აღმოსავლური მინიატურების გამორჩეული კოლექცია, რომელიც ინდოეთისა და ირანული კულტურული სივრცის საინტერესო ნიმუშებს წარმოადგენს. – ინფორმაციას გიორგი კალანდია ავრცელებს სოციალურ ქსელში. „კოლექცია აერთიანებს როგორც მუღალური, ასევე რაჯპუტული/პაჰარის სკოლის ნამუშევრებს. კოლექციის ნაწილი შექმნილია გვიან მუღალური (მოგოლურ) მხატვრობის გავლენით, სავარაუდოდ XIX საუკუნის მეორე ნახევარში ან XX საუკუნის I ნახევარში. ნამუშევრები შესრულებულია ალბომის ფურცლის (მურაქა) ფორმატში — ფართო დეკორატიული ჩარჩოებითა და ზედა ნაწილში მოთავსებული კალიგრაფიული ტექსტებით. ერთ-ერთ მინიატურაზე გამოსახულია ქალი ხის ქვეშ, ღია ცის ფონზე, მცირე კოცონის სიახლოვეს. ფიგურა დახვეწილი პროფილითაა წარმოდგენილი; მის სამოსში შეინიშნება გამჭვირვალე მუსლინის ქსოვილი, ოქროს ნაქარგები და დახვეწილი სამკაულები — ეს ყველაფერი დამახასიათებელია გვიანი მუღალური არისტოკრატიული ესთეტიკისთვის.
კომპოზიცია მინიმალისტური და ლირიკულია. მეორე ნამუშევარი სასიყვარულო ინტიმურ სცენას ასახავს — არისტოკრატი მამაკაცი და ქალი სასახლის ინტერიერში.. ორნამენტული იატაკი და არქიტექტურული ნიშები ავდის ან დელის გვიანი მუღალური სკოლის გავლენას მიანიშნებს. აქ ფიგურები უფრო დეკორატიულია და ნაკლებად ნატურალისტური, ვიდრე XVII საუკუნის კლასიკურ მუღალურ ფერწერაში. კოლექციაში წარმოდგენილია ასევე მინიატურა, რომელიც სტილისტურად რაჯპუტული ან პაჰარის (კანგრას წრე) სკოლას უნდა მიეკუთვნებოდეს, ნამუშევარი ასახავს ბაღში განთავსებულ არისტოკრატ წყვილს, რომელთაც მსახური ქალი ფარშევანგის ბუმბულით აგრილებს. მუღალური მინიატურების ზედა ნაწილში შესრულებულია არაბულ-ირანული კალიგრაფიული ტექსტები (ნასხისა და ნასტალიქის მანერაში). ერთ-ერთ წარწერაში საუბარია სიმღერაზე და მის ბუნებაზე — რომ იგი შეიძლება ნებადართული იყოს, თუ მხოლოდ გალობასა და მოსმენას წარმოადგენს, ხოლო სხვა კონტექსტში იგი შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც გართობის ფორმა. სხვა ტექსტი ეხება სულიერებას, განცხრომასა და აკრძალულ–ნებადართულ ქმედებებს… საზოგადოება „ლევილი 1918“-ის დამფუძნებლის, ლადო ბებიას მიერ ხელოვნების სასახლისთვის გადაცემული კოლექცია მნიშვნელოვნად ამდიდრებს მუზეუმის აღმოსავლურ მემკვიდრეობას და ქმნის საფუძველს მათი სამომავლო კვლევისა და საგამოფენო პროექტებისთვის“, – წერს გიორგი კალანდია.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები