მაკა ბოჭორიშვილი: ვსვამთ კითხვას – რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე ზეწოლა და რა კავშირი აქვს რუსეთთან ბრძოლასთან
“ვერ დავეთანხმები ვერავის, რომ ასეთი მეთოდებით საქართველოსთან დამოკიდებულებით რაიმე გავლენას ახდენენ საერთოდ რუსეთის დასუსტებაზე”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ბრიტანეთის ელჩ, გარეტ უორდისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც საგარეო უწყებაში დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და POSTV-ისთვის სანქციების დაწესების გამო იყო დაბარებული.
ბოჭორიშვილის თქმით, როდესაც ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა ხდება, ეს კითხვებს აჩენს.
„ვრცელდება ინფორმაციები, რაც ადასტურებს თუ რა რაოდენობის ვაჭრობას ახორციელებენ დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული კომპანიები რუსეთთან. ასეთი მასალები არსებობს, რომელიც წარმოდგენილია არამხოლოდ ქართულ, საერთაშორისო მედიაში და კვლევებს ეფუძნება. რა თქმა უნდა, ამ ფონზე როდესაც ხდება ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა, კითხვებს აჩენს. არ გვეშინია ამ კითხვების დასმა.
ჩვენ ვსვამთ კითხვას: რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე ზეწოლა და რა კავშირი აქვს მას საერთოდ რუსეთთან ბრძოლასთან, როგორც ისინი გვეუბნებიან რომ ებრძვიან რუსეთს. ვერაფრით ვერ დავეთანხმები ვერავის, რომ ასეთი მეთოდებით საქართველოსთან დამოკიდებულებით რაიმე გავლენას ახდენენ საერთოდ რუსეთის დასუსტებაზე. ამაზე ვერ დავეთანხმები“,- აცხადებს ბოჭორიშვილი.