გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას ეხმაურება. მისი თქმით, თუ რამე კორუფციული გადაცდომაა, ეს ცალკე საკითხია, ხოლო თუ ეს პოლიტიკურ თემას უკავშირდება, სირთულეა.
როგორც მარგველაშვილმა  გადაცემა “არჩევანში“ განაცხადა, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან მოსალოდნელი წასვლის შესახებ მას არაფერი სმენია.
„თუკი საქმე გვაქვს კორუფციულ გადაცდენასთან, ეს პროკურატურის საქმეა და, თუ საქმე პოლიტიკურ თემას უკავშირდება, ეს სირთულეა, ისე როგორც ყველა შემთხვევაში, როდესაც სამართალდამცველების მოქმედებები რაიმე ანარეკლს ჰპოვებს პოლიტიკურ პროცესზე“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი ირაკლი ალასანიას „ეფექტურ მინისტრს“ უწოდებს და მის მიერ განხორციელებული რეფორმების მაღალხარისხიან შეფასებაზე საუბრობს. ამბობს, რომ ალასანიას გადადგომის, ან მის მიერ მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი პოსტის დატოვების შესახებ არანაირი ინფორმაცია არა აქვს.
„გავიგე, რომ ირაკლი, ამ თემიდან გამომდინარე, ვიზიტიდან დაბრუნებას არ აპირებს. ის არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა და არ მგონია, ჩემს პრეროგატივაში შედიოდეს მისი კომენტარი. ასეთ თემას განსაკუთრებული სიფაქიზით უნდა მოვეპყრათ. მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ჯარი, რას განიცდის ჯარი. ესენი არიან ადამიანები, რომელთა მხრებზე გადადის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. აქედან გამომდინარე, ასეთ თემებს გასაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები