საქართველოს პრეზიდენტი მზად არის, რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს, თუმცა შეხვედრა საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობას უნდა ეხებოდეს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“ განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, საქართველო რუსეთის მეზობელი ქვეყანაა და რუსეთის წინააღმდეგ არავითარი აგრესიული განწყობა არ აქვს.
„ჩვენ მზად ვართ რუსეთის ფედერაციის პირველ პირებთან შეხვედრისთვის, თუ ეს შეხვედრა იმ თემებზე იქნება, რომელიც საქართველოს და რუსეთს ეხება. საქართველო არის რუსეთის აგრესიის ქვეშ. საქართველო მეგობრული და მეზობლური ქვეყანაა. მას არავითარი აგრესიული განწყობა არ აქვს რუსეთის მიმართ. ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ერი, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს და მას არ დაპირისპირებია. ჩვენ ვართ მათი აგრესიის მსხვერპლი. ჩვენ ძალიან მტკიცე მორალური პოზიცია გვაქვს.
როდესაც რუსეთს ჩვენი დამოუკიდებლობის თაობაზე ვესაუბრებით, რომ ქართველებს გვაქვს იმის უფლება და, სხვათა შორის, ეს ისტორიულად დავამტკიცეთ, რომ ბოლო 3000 წელია არსებობდნენ იმპერიები, რომლებიც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ერთმანეთს ებრძოდნენ, მაგრამ საქართველომ შეინარჩუნა თვითმყოფადობაც, ენაც, კულტურაც, დამოუკიდებლობაც და სახელმწიფოებრიობაც. ეს ის ჭეშმარიტებაა, რომლის წინააღმდეგ წასვლაც და მცდელობაც, რომ ქართველები გადაგვაკეთონ რაღაცა სხვა ყაიდაზე და სხვა წესით გვაცხოვრონ, ჩვენთვის არა მარტო მიუღებელია, არამედ საერთოდაც ასე გვიკეთებია და მომავალშიც ასე გავაკეთებთ“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები