გიორგი მარგველაშვილი: ეს არ იყო არც გაუგებრობები, არც კინკლაობები, ეს იყო დემოკრატიის კონტექსტში დიალოგი

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მასსა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის არ იყო არც გაუგებრობები, არც კინკლაობები, არამედ იყო დემოკრატიის კონტექსტში დიალოგი. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “ქრონიკის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც აპრიორი გულისხმობს იმას, რომ უნისონში საუბარი არ ხდება, არამედ ხდება დიალოგი.
პრეზიდენტმა ეს განცხადება იმ კითხვის პასუხად განაცხადა, აღმოიფხვრა თუ არა გაუგებრობათა სერია საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის.
“ეს არ არის გაუგებრობათა სერია. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც აპრიორი გულისხმობს იმას, რომ უნისონში საუბარი არ ხდება, არამედ ხდება დიალოგი. თუ არ არსებობენ დიალოგის სუბიექტები და ყველა ერთ აზრს გამოთქვამს, ნაკლებად შესაძლებელია დემოკრატია. შესაბამისად, ყველა სხვა ეპითეტს, რაც აქამდე ნახმარი იყო ჩემსა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის დიალოგზე, მე ვერ ვიზიარებ. ეს არ იყო არც გაუგებრობები, ეს არ იყო არც კინკლაობები, ეს იყო დემოკრატიის კონტექსტში დიალოგი, რომელიც, ბუნებრივია, რაღაცა საკითხებზე, როდესაც საუბარია ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, მომავალი აფხაზებისა და ჩვენი ოსი თანამემამულეების, ამაზე არსებობს სრული კონსენსუსი, მაგრამ ამავე ფონზე საჭიროა მეტი დიალოგი, პოზიციების შეჯერება. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად და მომავალშიც ვიქნებით მზად, რომ დიალოგის კონტექსტში განვავითაროთ ჩვენი სახელმწიფო”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები