გიორგი სვანიძე: საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები პირდაპირ ემსახურება მუნიციპალიტეტის მდგრად განვითარებასა და მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებულ პოლიტიკას

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულომ რიგგარეშე და წლის პირველი სხდომა გამართა, რომელსაც თავმჯდომარე გიორგი სვანიძე უძღვებოდა.
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს, რომლებიც ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სოციალურ პოლიტიკასა და ადმინისტრაციულ მართვას შეეხებოდა.

“საკრებულოს თანხმობით ქალაქ ბოლნისში მდებარე შენობა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალურ განყოფილებას უსასყიდლო სარგებლობის უფლებით 2027 წლის 1 იანვრამდე გადაეცემა. ასევე დამტკიცდა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც უფლებების დაცვისა და თანასწორობის მიმართულებით იმუშავებს.

სხდომაზე განიხილეს რეგიონული განვითარების სამინისტროსთან უფლებამოსილების დელეგირების ხელშეკრულება, რომელიც სკოლების რეაბილიტაციას, უსაფრთხოების სისტემებს, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ტრანსპორტსა და ენერგოსისტემების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ასევე დამტკიცდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი. რაც სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეთა მხარდაჭერას ითვალისწინებს და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ დახმარებებს გულისხმობს.
დეპუტატებმა იმსჯელეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების საკითხზე. ცვლილებები შეეხო როგორც შემოსავლების ზრდას, ისე ასიგნებების გადანაწილებას და მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და სოციალური პროგრამების დაფინანსების გაძლიერებას.

გიორგი სვანიძის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტის მდგრად განვითარებასა და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

„დღევანდელ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები პირდაპირ ემსახურება მუნიციპალიტეტის მდგრად განვითარებასა და მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებულ პოლიტიკას. ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები, სოციალური მხარდაჭერის ახალი წესები და განათლებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები მიზნად ისახავს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და მუნიციპალიტეტის გრძელვადიან განვითარებას.“- განაცხადა გიორგი სვანიძემ.

საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები