“ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები” ე.წ.გასაღებთან დაკავშირებული პროექტის მომზადების ვადის გადაწევას მხარს არ დაუჭერენ

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები” პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით კანონპროექტის მომზადების ვადის 6 თვით გადაწევას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ გააკეთა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, კანონპროექტის მომზადებისთვის1 ნოემბრამდე არსებული დრო საკმარისი იყო.
“მიგვაჩნია, რომ შესაძლებელი იყო 1 ნოემბრამდე საკითხის დარეგულირება და არსებული პრობლემის მოგვარება. ჯგუფის მხრიდან იყო არასრულფასოვანი დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, ვადის გადაწევას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
პარლამენტში ინიცირებულია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებული კანონპროექტის მომზადების ვადა 1 აპრილამდე გადაიწევს.
კანონმდებლებს პროექტის მოსამზადებლად ვადა 1 ნოემბრამდე ჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები