“მაია სანდუ რატომღაც ფიქრობს, რომ აქვს რაიმე მორალური, პოლიტიკური, იდეოლოგიური უპირატესობა, რომ ქართველ ხალხს ამ ტონით ესაუბროს” – პაპუაშვილი

“მაია სანდუ რატომღაც ფიქრობს, რომ აქვს რაიმე მორალური, პოლიტიკური, იდეოლოგიური უპირატესობა, რომ ქართველ ხალხს ამ ტონით ესაუბროს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაკეთებული განცხადება შეაფასა, რომ “რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა”.

„უპირველეს ყოვლისა, შეგახსენებთ, რომ მაია სანდუ არის ის ადამიანი, რომელმაც ოთხ ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის პროცესს დაუჭირა მხარი. მაშინ, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე მიდიოდა ძალადობრივი შტურმი, ზუსტად იმ წუთებში მან საჯარო განცხადებით მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობაში მონაწილე ჯგუფს. ეს უკვე თავისთავად აჩვენებს თუ რა ღირებულებით საწყისებზე დგას ეს ადამიანი.

დიდი ეჭვია, რომ მაია სანდუ ამას აკეთებს სხვების კარნახით. წელიწადში ერთხელ გავახსენდებით და რატომღაც ფიქრობს, რომ აქვს რაიმე მორალური, პოლიტიკური, იდეოლოგიური უპირატესობა, რომ ქართველ ხალხს ამ ტონით ესაუბროს. როდესაც ვისმენთ ამგვარ ანტიქართულ რიტორიკას მოლდოვის პრეზიდენტის მხრიდან, ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე იყოს რეაქცია. ალბათ, თავის დროზეც უნდა გვქონოდა მკაფიო რეაქცია, გარდა განცხადებებისა, როდესაც მოლდოვის პრეზიდენტმა ღიად მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობაში მონაწილე ჯგუფებს.

მაია სანდუ არის ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას. ამიტომ, არ მგონია, რომ რამე სალაპარაკო გვქონდეს სახელმწიფოებრივ ღირებულებებზე. შეგახსენებთ მოტივაციას, მისი დასაბუთება იყო, რომ მოლდოვა არის პატარა სახელმწიფო, პატარა სახელმწიფო ვერ გადარჩება და ამიტომ უნდა შეუერთდეს დიდ სახელმწიფოს, და არა ის, რომ მოლდოველ და რუმინელ ხალხს რაიმე კულტურული ან ეროვნული კავშირი აქვთ. როდესაც სახელმწიფოს მეთაური ამბობს, იმდენად მცირედ მიაჩნია თავისი ქვეყანა, რომ გადარჩენისთვის უნდა გაუქმდეს, ფაქტია, რომ ღირებულებების მხრივ, სხვადასხვა ორბიტაზე ვართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები