„ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რუსები აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას შეძლებენ”

უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, რუსეთ – აფხაზეთის ხელშეკრულების მუხლების შინაარსისა და საფრთხეების შესახებ ისაუბრა.
მისი განცხადებით, ხელშეკრულების თანახმად რუსეთის მოქალაქეები, გამარტივებული წესით შეძლებენ, მიიღონ აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის მოქალაქეობა და ამ გზით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქონებას დაეუფლებიან.
„აფხაზეთის ე.წ კანონმდებლობით, უძრავი ქონების ფლობის უფლება აქვთ მხოლოდ აფხაზებს. ამ შეთანხმებაში კი წინასწარ გამიზნულად ჩადებულია, რომ ორივე მხარე იღებს დამატებით ზომებს, რათა ერთი მეორის მოქალაქეობის მიღების პროცედურები გაამარტივონ. აქ ჩადებულია ის, რომ რუსები, მიიღებენ რა აფხაზეთის მოქალაქეობას, მათ ენიჭებათ იქ ქონების დაუფლების უფლება და რუსული კაპიტალი უკვე აფხაზეთში მასობრივად შედის. ჩვენ მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბი უნდა დავინახოთ. ხელშეკრულების პუნქტი, რომელიც ორი ქვეყნის სამხედრო კავშირს გულისხმობს, ნიშნავს იმას, რომ შეთანხმების მონაწილე რომელიმე მხარის მიმართ განხორციელებული აგრესია მეორე მხარის მიერ განხილული იქნება, როგორც აგრესია მის მიმართ. საზღვარი რეალურად რუსეთსა და აფხაზეთს შორის იხსნება ფსოუზე, ის გადმოდის ენგურზე, იქმნება ერთიანი საპოლიციო -საკოორდინაციო ცენტრი და ასე შემდეგ“,- განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები