ირაკლი ღარიბაშვილმა დუისში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

200-ზე მეტი ყველაზე მოთხოვნადი სახელმწიფო სერვისი ერთ სივრცეში – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში დღეს საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.
ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის მინისტრთან ერთად დაესწრო.
სოფლების განვითარება და ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვა საზოგადოებრივი ცენტრების შექმნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია.
საქართველოში უკვე მოქმედებს 12 საზოგადოებრივი ცენტრი, რომლებსაც წლის ბოლომდე კიდევ 4 შეემატება.
პრემიერის განცხადებით, ცენტრი მოსახლეობას საშუალებას მისცემს, გაეცნოს ახალ სერვისებს, ინიციატივებს და საკანონმდებლო ცვლილებებს.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილი პანკისის ხეობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც შეეხო და განაცხადა, რომ მთავრობა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს.
„ჩვენ დავასრულეთ დუისი-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 5,2 კმ-იანი მონაკვეთის საფარით მოპირკეთების სამუშაო, რომელიც 810 000 ლარის ღირებულებისაა; ასევე დასრულდა სოფელ საკობიანოს შიდა საუბნო გზის საფარით მოპირკეთების სამუშაო – 680 000 ლარის ღირებულების პროექტი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა დუისის N2 საბავშო ბაღს; დასრულდა მდინარე ალაზანზე დუმასტურ-ჯოყოლოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდზე სამუშაოების პირველი ეტაპი; ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს უკვე აქვს მინი სტადიონი მწვანე ხელოვნური საფარით. დუისში, საკობიანოში, ჯოყოლოსა და ომალოში უკვე ფუნქციონირებს ამბულატორიები, რაც დიდი შეღავათია თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის“,- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მომავალი წლისთვის დაგეგმილია დუისის სპორტული დარბაზის სრული რეაბილიტაცია, დუისი-ომალოს დამაკავშირებელი გზის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ალაზნის ნაპირდამცავი ნაგებობების პრობლემის მოგვარება.
ასევე, განხორციელდება დუისი-წინუბნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოასფალტება, მოწესრიგდება სოფლების შიდა გზები, გადაიჭრება ელექტრომომარაგების პრობლემა და განხორციელდება ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაცია.
„ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი ცხოვრების პირობები მაქსიმალურად გაუმჯობესდეს. თქვენი ყოველი პრობლემის სიმძიმე ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული. ჩვენ კიდევ მრავალ გეგმას განვახორციელებთ ხეობაში, არაერთ პრობლემას გადავჭრით და თქვენ სულ უფრო დარწმუნდებით, რომ მარტო არ ხართ. ხელისუფლება თქვენ გვერდითაა“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა პანკისის ხეობის მოსახლეობას.
პრემიერი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას ადგილზე მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ორწლიანი საქმიანობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები