ბათიაშვილი: “ნაცმოძრაობის” ლიდერები ომის დროს ჩემოდნებზე ისხდნენ გასაქცევად

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 15 ნოემბერს დაანონსებულ აქციას საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრი ირაკლი ბათიაშვილი საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს უფლება არა აქვთ, აფხაზეთის დაცვა ასწავლონ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ქვეყნის ტერიტორიებს.
ბათიაშვილმა საქართველოს ყოფილი ხელისუფლება კოდორის ხეობის დაკარგვის გამო გააკრიტიკა. მისი განცხადებით, მაშინ როდესაც 2008 წელს რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები უკვე ჩემოდნებზე ისხდნენ ქვეყნიდან გასაქცევად.
უშიშროების ყოფილი მინისტრის შეფასებით, აფხაზეთ – რუსეთის ხელშეკრულების წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია „ნაციონალების“ პიარის ნაწილია და ის ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თავისი პიარისთვის დაგეგმილ აქციას რამე შედეგი ექნება? მიტინგი ჩავატაროთ, ვიყვიროთ, მერე სახლში დავიძინოთ და კმაყოფილები ვიქნებით? მიტინგის ჩატარებით რამე გამოვა? „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს, გიგა ბოკერიასნაირ და გივი თარგამაძისნაირ ადამიანებს რა უფლება აქვთ, გველაპარაკონ აფხაზეთის დაცვაზე იმ ადამიანებს, ვინც სამკვდრო -საციცოცხლო ბრძოლაში ვიცავდით ჩვენს ტერიტორიებს. სად იყვნენ ისინი აფხაზეთის ომის დროს? ან სად იყვნენ „ნაციონალების“ ლიდერები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს? როდესაც კოდორის ხეობა ტყვიის გასროლის გარეშე დავთმეთ, სად იყვნენ? ისინი ამ დროს ჩემოდნენზე ისხდნენ გასაქცევად“,- აღნიშნა ბათიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ ნაციონალური მოძრაობა” 15 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. „ნაციონალები“ ოპოზიციურ ძალას და თითოეულ ადამიანს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.როგორც პარტიაში აცხადებენ, აქციის მიზანი იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ხმის მიწვდენა, რომ საქართველო არასდროს შეეგუება აფხაზეთში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები