ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემებით. ნაგებობის ცენტრალურ ნაწილში მოეწყობა ძაღლების გასასეირნებელი შიდა ეზო.

“მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსი მოიცავს რვა დამხმარე შენობას. გათვალისწინებულია სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის, ვეტერინარული, ადმინისტრაციული, საკარანტინო, სამზარეულო, „გრუმინგისა” და ძაღლების სასტუმრო ბლოკების მოწყობა. ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყობა ძაღლების სავარჯიშო სივრცე.

კომპლექსის მშენებლობა, ხელშეკრულების შესაბამისად, 2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

პროექტის ღირებულება 9 მილიონამდე ლარს შეადგენს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები