სოზარ სუბარი: დღემდე დიდი სახელმწიფოები დანარჩენ სამყაროს თავს ახვევდნენ თავიანთი თამაშის წესებს და ამას ფუთავდნენ დემოკრატიულ ღირებულებებზე და ადამიანის უფლებებზე რიტორიკით – დღეს ეს პოლიტიკა გაშიშვლდა და ინტერესები გამოვიდა წინა პლანზე
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის” თავმჯდომარე, სოზარ სუბარი მედიასთან გამოეხმაურა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს. მან განაცხადა, რომ დავოსში დონალდ ტრამპმა გააშიშვლა მსოფლიო პოლიტიკის თამაშის ის წესები, რაც მანამდე დახურულ კარს მიღმა არსებობდა.
„ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ღიად აცხადებენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარი წესი ძლიერის ინტერესის მუდმივად გათვალისწინებაა, ხოლო სუსტებმა მათ ადგილი უნდა დაუთმონ,” – ამის შესახებ სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ამგვარი მიდგომის მკაფიო მაგალითია გრენლანდიის საკითხი. სოზარ სუბარის სიტყვებით, ნატოსა და ევროკავშირში უკვე ღიად ალაპარაკდნენ, რომ დანიამ უნდა დაუთმოს აშშ-ს გრენლანდიის გარკვეული ტერიტორია, რათა ამერიკამ შეძლოს იქ თავისი ინტერესის გატარება.
„დავოსის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი არის სივრცე, სადაც დიდი მოთამაშეები თავიანთ პოლიტიკას აყალიბებენ ან აცნობენ მსოფლიოსა და ერთმანეთს. წლევანდელი ფორუმი იმით იყო განსხვავებული, რომ პრაქტიკულად გარეთ გამოვიდა, ღიად გაცხადდა თამაშის ის წესები, რაც მანამდე მხოლოდ კულისებში მიმდინარეობდა, ფართო საზოგადოებას კი ლამაზად შეფუთულ ფსევდორეალობას წარუდგენდნენ ხოლმე.
დღემდე არსებული თამაშის წესები გულისხმობდა, რომ დიდი მოთამაშეები – ძლიერი სახელმწიფოები და მსოფლიოს გიგანტი კორპორაციები – თავიანთ ინტერესებს ფუთავდნენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, თავისუფალი ვაჭრობის, საერთაშორისო წესრიგის დაცვის ინტერესით და ყველას აიძულებდნენ, ამ ლამაზი სატყუარათი შეფუთული მათი ინტერესები გაეთვალისწინებინათ. ხოლო თუ ვინმე უარს იტყოდა თამაშის ამ წესების მიღებაზე, იმათ, როგორც წესი, „ცივილიზებული სამყაროს” მტრებად აცხადებდნენ და ჯერ იზოლაციაში აქცევდნენ, შემდეგ კი ყველაფერს აკეთებდნენ ან მათ „მოსარჯულებლად”, ან – დასამხობად.
დღეს კი ტრამპმა ღიად თქვა, საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარი წესი ძლიერის ინტერესის მუდმივად გათვალისწინებაა, ხოლო სუსტებმა განზე უნდა გაიწიონ იქ, სადაც ძლიერების ინტერესი იკვეთება” – განაცხადა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, ამგვარი მიდგომის მკაფიო მაგალითია გრენლანდიის საკითხი. სოზარ სუბარის სიტყვებით, ნატოსა და ევროკავშირში უკვე ღიად ალაპარაკდნენ, რომ მართალია დანია ბოლომდე არ უნდა დაიჩაგროს, მაგრამ მან აშშ-ს მაინც უნდა დაუთმოს გრენლანდიის ის ნაწილი, რომლის მიმართაც ამერიკას განსაკუთრებული ინტერესი აქვს, რათა იქ განათავსოს თავისი სამხედრო ბაზები, ანტისარაკეტო სისტემები და ასე შემდეგ.
“სხვათა შორის, გრენლანდიასთან დაკავშირებით სწორედ ანტისარაკეტო სისტემებია მთავარი საკითხი. იმისთვის, რომ შეერთებული შტატები სრულად იყოს ატლანტის ოკეანის მიმართულებიდან დაცული, საჭიროა ანტისარაკეტო სისტემები განლაგდეს რამდენიმე ათეულ სუპერთანამედროვე საზღვაო ხომალდზე, რაც ძალიან ძვირი ჯდება – როგორც მათი მშენებლობა, ისე – მომავალი ექსპლუატაცია. მეორე ალტერნატივა არის ამ სისტემების განლაგება გრენლანდიაზე, რაც ბევრად იაფია, იმ შემთავევაშიც კი, თუ, როგორც ტრამპმა თქვა, გრენლანდიის თითოეულ მცხოვრებლებს, თანხმობის სანაცვლოდ, თითო მილიონ დოლარს გადაუხდიან.
ყველა დანარჩენი ინტერესი არის მეორეხარისხოვანი, თუმცა მომავალში მაინც საინტერესო და მნიშვნელოვანი: ის, რომ გლობალური დათბობისა და ყინულის დნობის შედეგად ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის მარშრუტი გარკვეული ტვირთებისთვის უკვე არსებული გზების მოკლე ალტერნატივაა; ასევე ის უამრავი წიაღისეული, რომელიც დაზვერილია და რომელთა ამოღება, ყინულის დნობის შედეგად, შეიძლება მალე ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს დიდი კომპანიებისთვის” – განაცხადა სოზარ სუბარმა.