გიორგი სვანიძე: ჩვენი მთავარი მიზანი თითოეული მოქალაქის უსაფრთხო გადაადგილებაა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე დეპუტატებთან ერთად სოფელ დარბაზში, ბალიჭსა და ტანძიაში თოვლისგან გზების გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდითი სამუშაოები უკვე მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დილიდან ინტენსიურად იწმინდება როგორც საავტომობილო, ისე შიდა გზები.
“ჩვენი მთავარი მიზანი თითოეული მოქალაქის უსაფრთხო გადაადგილებაა, ამიტომ სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველა თანამშრომელსა და ადგილობრივ წარმომადგენელს, რომლებიც ამ რთულ ამინდში მოსახლეობის გვერდით დგანან.”- განაცხადა გიორგი სვანიძემ.
გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას გიორგი სვანიძესთან ერთად გაეცნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თურალ ვალიევი, საკრებულოს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე იოსებ მუხაგულიშვილი, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ირაკლი ჯაფარიძე,ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე შერმადინ დადვანი, კაზრეთის თემის მაჟორიტარი ზვიადი ჯაყელი და საკრებულოს წევრი ირაკლი კოდელაშვილი.
სოფელ დარბაზში, ტანძიასა და ბალიჭში შიდა გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ პროცესი რამდენიმე დღეა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება და მასში საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მოსახლეობას მოუწოდებს, გადაადგილდნენ ზამთრის პირობებისთვის შესაბამისი საბურავებით აღჭურვილი, ტექნიკურად გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და დაიცვან საავტომობილო გზებზე დაწესებული წესები.