“ნატო უკრაინაში გარდაიცვალა, ახლა მიმდინარეობს პანაშვიდები და დაკრძალვა შედგება გრენლანდიაში” – ვატო შაქარიშვილი
“ტრამპი შლის ევროატლანტიკური თანამშრომლობის ფორმატს. ნატო უკრაინაში გარდაიცვალა, ახლა მიმდინარეობს პანაშვიდები და დაკრძალვა შედგება გრენლანდიაში”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი აცხადებს.
როგორც ის აღნიშნავს, ეს პროცესები ადასტურებს ერთ ჭეშმარიტებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და “ვინც ამის შესახებ გარკვეულ ილუზიებში ცხოვრობს, საკუთარ თავს აზიანებს”.
“ვხედავთ, რომ ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს მსოფლიო წესრიგის მორღვევა და ეს კეთდება ძალიან სწრაფად და მკვეთრი და ხისტი მოქმედებებით, როგორსაც აშშ-ის მხრიდან ვხედავთ. კონკრეტულ მოქმედებებზე აშშ-ის პრეზიდენტი გადავიდა 2026 წელს მაგრამ ამ მოქმედებათა მთავარი საფუძველი იყო, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც 2025 წელს გამოაქვეყნა აშშ-მ, სადაც უკვე დეკლარირებულად აღიარა მულტიპოლარული სამყაროს შექმნა და არსებობა და შემდეგ დაიწყო ამის გაფორმებაზე მოქმედება. ვხედავთ, რომ ნატოს წევრი ერთი ქვეყანა, ნატოს წევრ ქვეყანას ართმევს ტერიტორიას. ეს ნიშნავს, რომ ნატო უკრაინაში გარდაიცვალა, ახლა მიმდინარეობს პანაშვიდები და დაკრძალვა შედგება გრენლანდიაში. ეს არის რეალური შედეგი იმისა, რაც დაიწყო გაცილებით უფრო ადრე და ეს დაიწყო მაშინ, როდესაც ევროატლანტიკურმა თანამშრომლობის ფორმატმა, აშშ-ის და ევროკავშირის ალიანსმა ომი გამოუცხადა რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე. დღეს აღარავინ მალავს, რომ ეს არ ყოფილა ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, ეს იყო ომი რუსეთსა და კოლექტიურ დასავლეთს შორის. კოლექტიურმა დასავლეთმა ამ ომში განიცადა მარცხი. ამ მარცხმა დაუდო საფუძველი ცვლილებებს, რასაც ახლა ჩვენ ვადევნებთ თვალს. ტრამპი შლის ევროატლანტიკური თანამშრომლობის ფორმატს. გრენლანდია ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავინახოთ, ისეთივე ფორმალურ მიზეზად, როგორიც იყო ნარკოკარტელები ვენესუელაში შეჭრისთვის“, – ამბობს ვატო შაქარიშვილი.