მირიან მირიანაშვილი: დღეს ჩვენ ირანში სახეზე გვაქვს ანტირელიგიური და ანტიმუსლიმანური აჯანყება
“დიდხანს ვიცხოვრე ირანში და კარგად ვიცნობ ვითარებას. ბოლო 15 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ანტისახელისუფლებო და ანტირელიგიური მუხტი დაგროვდა”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ირანში ანტირელიგიური და ანტიმუსლიმანური აჯანყებაა.
“არაბებისა და სხვა მუსლიმანებისგან განსხვავებით, ირანელებს თავი მიაჩნიათ ინდოევროპელებად, თანაც არიელებად. 1935 წელს შაჰმა რეზა ფეჰლევიმ სპარსეთს ზუსტად იმ მოტივით შეუცვალა სახელწოდება და ირანი დაარქვა, რომ ამ ქვეყანას არიელების ქვეყნად მიიჩნევდნენ. შესაბამისად, ნამდვილი ირანელი ელიტა რელიგიას არაბებისგან თავსმოხვეულად მიიჩნევს. დღეს ჩვენ ირანში სინამდვილეში სახეზე გვაქვს ანტირელიგიური და ანტიმუსლიმანური აჯანყება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 500 მეჩეთი დაწვეს.
დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ბანდარ-აბასში, სადაც მე ვცხოვრობდი, ყველა შიიტური მეჩეთი გადაწვეს, გადარჩა მხოლოდ ორი სუნიტური მეჩეთი, ამ მომიტინგეების უკან რეალურად ირანის რეგიონული ელიტები და გავლენიანი საქმიანი წრეები დგანან, სწორედ ისინი არიან პროცესის მთავარი დრაივერები. ეთნიკურ ელიტებს, რომლებიც რეგიონული და ეროვნული ინტერესების დაცვას ცდილობენ, დასავლეთში ძლიერი წარმომადგენლები ჰყავთ, პირველ რიგში ბრიტანეთში და ამ არხით ამერიკაშიც. სწორედ “დაქოქილი” რეალობაა ის, რაც ქუჩაში პროტესტად ჩანს. მაგალითად, ირანის რიგ ქალაქებში, მათ შორის ბანდარ-აბასში, ადგილობრივმა ელიტებმა, მათ შორის ზოგიერთმა სამხედრო წრემაც, ფაქტობრივად, გზა დაუთმო მომიტინგეებს. ირანში, ისევე როგორც აზიის ბევრ სხვა ქვეყანაში, პროტესტი ვერტიკალურად ინტეგრირებული სისტემაა: მომიტინგე ქუჩაში მხოლოდ “ბოლო რგოლია”, ტელევიზიაში დანახული ვიზუალური სახე, ხოლო პროცესის რეალური ორგანიზება და მართვა ზურგს უკან მიმდინარეობს. შესაბამისად, მე არ ვიზიარებ გავრცელებულ ვერსიას, რომ ირანში არეულობა გარედან არის მართული.
ეს არის ირანის რეგიონული და ცენტრალური ელიტების მორიგი ბრძოლა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შიიტური სახელმწიფო უკვე წარსულია. ეს შეიძლება ითქვას, დინასტიური აჯანყებაც არის, ხამენეის პოლიტიკური დინასტიის გაფორმება არ უნდათ. გარედან შესაძლოა მხოლოდ მცირე ბიძგი ყოფილიყო, ისიც ლონდონიდან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არა მხოლოდ ირანული, არამედ მთელი მსოფლიოს შიიტური ელიტის ფინანსები თავმოყრილია ინგლისში. იმის დაზუსტებით თქმა, იყო თუ არა ბიძგი გარედან, რთულია, მაგრამ ფაქტია, სანამ ირანის ისლამური ხელისუფლების საკითხი საბოლოოდ რაიმე ფორმით არ გადაწყდება, მსგავსი გამოსვლები პერიოდულად განმეორდება. ტრამპმა ამ მომენტში შანტაჟს მიმართა, ის დაემუქრა ირანის სასულიერო ელიტას, რომ პროტესტს მხარს დაუჭერდა, თუ დათმობაზე არ წავიდოდნენ. ისინიც იძულებულნი გახდნენ, დათმობაზე წასულიყვნენ.
მოლაპარაკებები სხვადასხვა ადგილზე იმართებოდა, მათ შორის ლონდონში, იორდანიაში, ბაღდადში, ნაჯაფში. როგორც ჩანს, რაღაცაზე შეთანხმდნენ. მთავარი მოთხოვნები იყო ატომურ პროგრამაზე სერიოზული შეზღუდვები, საუბარი იყო გამდიდრებული ურანის მარაგზე, ასევე რაკეტებზე. როგორც ვიცი, რაკეტების რაოდენობის შემცირებაზე ირანელებმა უარი თქვეს, მაგრამ მზად არიან ურანის მარაგის ორი მესამედი გადასცენ. სულ ორიდან სამ ტონამდე გამდიდრებული ურანი აქვთ. პირველი მოთხოვნა იყო პროტესტანტების სიკვდილით დასჯის შეჩერება. როგორც კი ირანი ამ მოთხოვნებს დათანხმდა, ტრამპის რიტორიკაც შეიცვალა. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ტრამპი ირანთან კონფლიქტს არ დაიწყებდა და ზეწოლითა და შანტაჟით მიაღწევდა მიზანს. ამერიკის სამხედრო დომინაცია იმდენად ძლიერია, რომ ირანი ცის ჩაკეტვით თავდაცვით სურათს ვერ შეცვლის. ვენესულის არ იყოს, ბოლო 25 წლის განმავლობაში კოლოსალური თანხები დახარჯეს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებში. თითქოს საიმედოდ ჰქონდა ჩაკეტილი ცა, მაგრამ მერე რა, ვერ მოიტაცეს მადურო?!
როდესაც კომპიუტერული პროგრამები, კოსმოსური შესაძლებლობები და პრაქტიკულად მთელი თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა ამერიკელების ხელშია, იქ ძალთა ბალანსი წინასწარ განსაზღვრულია. ასეთ პირობებში, როდესაც ამერიკას რაკეტას ესვრი, შესაძლოა ის “უკანვე დაგიბრუნდეს”, ანუ მათ შეუძლიათ დარტყმის ჩახშობა, გადამისამართება ან განეიტრალება იმ დონეზე, რომ შეტევა თავადვე თავდამსხმელისთვის გადაიქცეს საფრთხედ. ირანზე პირდაპირი სამხედრო ზეწოლა შესაძლოა იმ შედეგამდე მისულიყო, რომ ირანის სახელმწიფო მთლიანად დანგრეულიყო. ირანს კარგად ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, ამ ქვეყნის ერთიანობას მნიშვნელოვანწილად შიიტური სასულიერო ხელისუფლება ცემენტივით აკავშირებს, ის აერთიანებს და ერთ სისტემაში ამყოფებს ერთმანეთთან მძაფრად დაპირისპირებულ ეთნოსებს, მათ შორის ლურებს, ბალუჯებს, მაზანდარელებს, აზერბაიჯანელებს, ქურთებსა და ხორასნელებს. ასეთ პირობებში, თუ სახელმწიფო სისტემა ჩამოიშლება, ამ ეთნოსების სახელმწიფოებად დაშლის სცენარი გარდაუვალი გახდება.
აშშ-ს მხოლოდ სახმელეთო და საზღვაო ბაზირების სისტემებში დაახლოებით 11 000 ერთეული სარაკეტო საშუალება აქვს. ამას გარდა, პრაქტიკულად მთლიანად ფლობს ირანის საჰაერო სივრცეს. ირანს აქვს ბალისტიკური რაკეტების დიდი არსენალი, თუმცა ტექნოლოგიურად მოძველებული. მისი დიდი ნაწილი აგებულია გასული საუკუნის 50-60-იანი წლების ტექნოლოგიურ ბაზაზე, თხევადსაწვავიან სისტემებზე, რომელთა საწყისი საფუძველი ჯერ კიდევ 1930-იანი წლების გერმანულ ტექნოლოგიებში უნდა ვეძებოთ. ამიტომ გაუგებარია, ასეთი ტექნოლოგიური დონის რაკეტებმა რა ტიპის პრობლემა უნდა შეუქმნას ამერიკას. ერთადერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ირანმა ე.წ. 12-დღიანი ომის შემდეგ გადადგა, იყო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის ჩინური კომპონენტების შეძენა, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 4 მილიარდი დოლარია. თუმცა ეს არ კმარა, რომ ირანმა ამერიკას რეალური სამხედრო წინააღმდეგობა გაუწიოს.
სპარსეთის ყურის ქვეყნების შიში ირანის სარაკეტო იერიში კი არა, ირანის შესაძლო დეზინტეგრაცია, ქვეყნის დაშლაა, რაც აუცილებლად გამოიწვევს ძალთა ბალანსის რღვევას მთელ რეგიონში. ირანის დაშლის სცენარი მათთვის ყველაზე მძიმე ვარიანტია, რადგან რეგიონში დაიწყება უკონტროლო პროცესები. რაც შეეხება ისრაელს, სწორედ ებრაელები არიან ირანზე შეტევის მთავარი ლობისტები და მათთვის ასეთი შანსის ხელიდან გაშვება პოლიტიკური კატასტროფაა…”
ისრაელისთვის ირანის სასულიერო-პოლიტიკური ხელისუფლების დამხობა ნებისმიერ შემთხვევაში ბონუსია: ირანი დეზინტეგრირდება, შაჰის მოდელს დაუბრუნდება თუ სხვა სისტემით შეიცვლება, ისრაელი მაინც მოგებული დარჩება ერთი მარტივი მიზეზით – ირანის ატომურ პროგრამას ისრაელი აღიქვამს როგორც საკუთარი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ რეალურ საფრთხეს, შესაძლებლობას, რომელიც საბოლოოდ შეიძლება მათი ქვეყნის განადგურებაში გადაიზარდოს. ამიტომ, თუ ატომური თემა დღის წესრიგიდან მოიხსნება, ისრაელისთვის მთავარი სტრატეგიული პრობლემა ავტომატურად გაქრება. შესაბამისად, ისრაელს ნამდვილად სურს ამერიკის ჩათრევა. 12-დღიანმა ომმა ნათლად აჩვენა, რომ ისრაელს შეუძლია ირანის დროებით დაუძლურება, სამხედრო ინფრასტრუქტურის დაზიანება და პოტენციალის ნაწილობრივი ჩამოშლა, მაგრამ არა საბოლოო ნეიტრალიზება. თუ სამხედრო პოტენციალი ბოლომდე არ განადგურდა ისევ აღდგება, გადაიარაღდება და ისევ დაუბრუნდება საფრთხის სტატუსს”, – განაცხადა მირიანაშვილმა.