ვინ დააფინანსებს ახალ რევოლუციას და რა დავალებები მისცა სააკაშვილმა “ნაციონალებს”
რა დავალებები მისცა სააკაშვილმა “ნაციონალებს” და ვინ დააფინანსებს ახალ რევოლუციას, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი” აქვეყნებს, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნების სქემაზეა საუბარი.
“ჯერ კიდევ ზაფხულში დაანონსებულმა ცხელმა ოქტომბერმა, როგორც ჩანს, ერთი თვით გადაინაცვლა. ამჟამად, ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“, მეორე მხრივ კი, მათი ოპონენტები ცხელზე ცხელ ნოემბერს გვპირდებიან, თუმცა ეს დაპირება სულაც არ გამოიყურება იმედიანად…
„ნაციონალური მოძრაობა“ 15 ნოემბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს, რომლის მთავარი მიზანი აფხაზეთის ანექსიისადმი პროტესტია.
ეს, ერთი შეხედვით, კეთილშობილური მიზანი შესაძლოა, ვინმეს მიამიტურად მიეტანა კიდეც გულთან, რომ არა რამდენიმე გარემოება…
„ნაციონალების“ ამ განცხადებას 24 საათით დაასწრო „ახალი თაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლადო სადღობელაშვილის მიერ გამოქვეყნებულმა პროგნოზმა.
„როგორც ჩვენთვის დადასტურებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, სამი დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში შეკრიბა თავისი ბანდის წევრები, ე.წ. „დეპუტატები“ და „თავისუფალი ზონის“ კრიმინალურ-ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერები. ამ შეხვედრაზე სააკაშვილმა ღიად განუცხადა თავისი კრიმინალური ბანდის ლიდერებს, რომ აუცილებელია საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის ესკალაცია, პროვოკაციების მოწყობა, რელიგიურ და სოციალურ ნიადაგზე დაძაბულობა და სხვა უკანონო ქმედებები. მან უსაყვედურა „თავისუფალი ზონის“ ლიდერებს იმის გამო, რომ ისინი იმ კოლოსალური თანხის სანაცვლოდ, რასაც მათ უხდიან, არაფერს აკეთებენ.
როგორც ცნობილი გახდა, ნაცკრიმინალთა პროვოკაციული ქმედებები უნდა დაიწყოს შედარებით მცირე აქციებით, უნდა აიწიოს დაძაბულობის ტემპერატურა და ყველაფრის საბოლოო დაგვირგვინება უნდა გახდეს 23 ნოემბერი, ანუ ე.წ. ვარდების რევოლუციის წლისთავი. 23 ნოემბრისთვის უნდა მოხდეს მთელი „ნაცმოძრაობის“ მობილიზაცია საქართველოს მასშტაბით, რაიონებიდან ხალხის თბილისში ჩამოყვანა, ექსტრემისტული დაჯგუფებების მიერ უნდა განხორციელდეს პროვოკაციები, რაც სააკაშვილის დავალებით უნდა გახდეს არეულობის დაწყების საბაბი“.
სწორედ ამ განცხადებიდან 24 საათში „ნაციონალური მოძრაობა“, მართლაც, მასშტაბურ აქციას აანონსებს.
არ იქნება ურიგო, თუ გავიხსენებთ იმ ფაქტსაც, რომ ოქტომბრის დაძაბულობასაც ჯერ ახალგაზრდული ორგანიზაციები აანონსებდნენ და შემდეგ უკვე შინაგან საქმეთა მინისტრისგან შევიტყვეთ, რომ ასეთი დახურული შეხვედრა სააკაშვილთან მინსკში შედგა, სადაც „ნაცმოძრაობამ“ მიიღო დავალება ზონდერჯგუფების შექმნაზე საქართველოს მასშტაბით. ამ პროცესებს კი სათავეში გიორგი ვაშაძე უნდა ჩასდგომოდა. სწორედ ამ შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა აქცენტების გამძაფრება საქართველოში კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებასა და რელიგიურ დაპირისპირებაზე. ამ ყველაფერს ლოგიკურად მოჰყვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყება შეთქმულების მუხლით…
უფრო ადრე კი იყო სარფის შეხვედრა…
ასე რომ, ამ ეტაპზე გვაქვს ორი მიმართულება: ერთი მხრივ, სააკაშვილის გეგმები, რომლის კონტურები უფრო და უფრო მკაფიოდ იხაზება, მეორე მხრივ კი – უკვე დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, სადაც მოქმედი პირები ჯერ დაკონკრეტებული არ არიან.
სწორედ ეს იქნება ჩვენი სტარტი, იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, რა სქემით შეიძლება განვითარდეს მოვლენები და როგორ გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნებას:
ფრონტის ხაზი რამდენიმე მიმართულებით გაიშალა. ჯერ ქვეყნის შიგნით მოძრაობას თუ დავაკვირდებით, გარკვეულწილად მიზნის პირველი ეტაპი მიღწეულია – საზოგადოება უფრო და უფრო შეშფოთებულია „კრიმინალის გაზრდით“, „ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებით“, რელიგიური შეუწყნარებლობით… ამასობაში ერთი კურიოზული დამთხვევაც შესამჩნევი ხდება: გიგა ბოკერიას მეუღლე ვანო ჯავახიშვილის იუმორისტულ გადაცემაში ხუმრობდა, თუ ფერადკანიანების შევიწროება დაიწყება, ჩემი ქმარი მათ უფლებებსაც დაიცავს და მერე იტყვიან, ამას იმიტომ აკეთებს, რომ სინამდვილეში თვითონაც ფერადკანიანიაო. ხუმრობა, ალბათ, ხუმრობად დარჩებოდა, სკეპტიკოსებს ეს ამბავი სოციალურ ქსელში ორ დღეში გავრცელებულ ერთი ფერადკანიანის ისტორიასთან რომ არ დაეკავშირებინათ, რომელიც თურმე ავტობუსიდან მხოლოდ და მხოლოდ კანის ფერის გამო ჩამოაგდეს. შესაბამისად, ჩაითვალა კიდეც, რომ ეს ნაციონალური გუნდის სტრატეგიის ერთი მხარეა…
სხვა არის რელიგიური თემა და უკანასკნელ ხანს მართლაც ხშირად ვხდებით ასეთი ფაქტების მომსწრენიც…
მოდი, სტარტი არ დავკარგოთ და ისევ 15 ნოემბრის აქციას და მის მიზანს დავუბრუნდეთ და იმასაც დავაკვირდეთ, რა ფონზე ხდება აფხაზეთის თემის „აწევა“. სწორედ პარალელურ რეჟიმში, სააკაშვილის ვებგვერდზე იდება ანგელა მერკელთან შეხვედრის ფოტო და განმარტებულია, რომ თითქოს, ეს იყო ოფიციალური შეხვედრა აფხაზეთის თემაზე, სადაც მერკელმა სააკაშვილთან საუბრისას გაიკვირვა, რომ აფხაზეთის ანექსიაზე მასთან დიდი ხანია არავის არასდროს უსაუბრია.
დაკვირვებული თვალი ფოტოზე ვერ აღმოაჩენს ოფიციალური შეხვედრისთვის აუცილებელ ატრიბუტიკას და არც ის გამორჩება, რომ ბეიჯი, რომელიც მიშას კისერზე კიდია, ოფიციალური შეხვედრის დროს აბსოლუტურად უადგილოა. შესაბამისად, ეს დერეფანში შემთხვევით შეხვედრას უფრო ჰგავს და ფოტოც უფრო პაპარაცულია, ვიდრე აკადემიური.
რაც შეეხება ევროპის ინფორმირებას აფხაზეთის თემაზე, ამ ფაქტს ოფიციალურად ეხმაურება გერმანიაში საქართველოს ელჩი, ლადო ჭანტურია: „ჩვენ ეს ინფორმაცია ფედერაციული კანცლერის ადმინისტრაციაში გადავამოწმეთ. მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან კანცლერი უფრო ადრე დაწვრილებით იყო ინფორმირებული ამ საკითხზე. შემდეგ, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ვიზიტი შედგა ბერლინში, 21 ოქტომბერს, დამატებით და დაწვრილებით მიეწოდა ინფორმაცია კანცლერს. ყოველ შემთხვევაში, კანცლერის მრჩეველთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის დროს ეს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო“.
მაშ ასე, სტარტზე ერთ-ერთი მონაწილის სტრატეგია უკვე მონიშნულია. ახლა ვნახოთ მეტოქის გეგმები:
რატომღაც სწორედ ამ პერიოდში, იმ დროს, როდესაც ისედაც მიმდინარეობს გამოძიება შეთქმულთა შესახებ, სადაც მონაწილეები ჯერ გამოკვეთილი, ყოველ შემთხვევაში, დასახელებული არ არის, მთავარ პროკურატურაში მეტად საინტერესო განცხადება კეთდება. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მოწვეული საერთაშორისოდ აღიარებულ პროკურორთა ჯგუფი პირველ დასკვნას დებს: „2005 წლის 14 ივლისს საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებული მასალების თვეების განმავლობაში შესწავლის შედეგად, დღეს ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა დაასკვნა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ამ დროისთვის მოწოდებული მტკიცებულებები არის სამართლებრივად და ფაქტობრივად საკმარისი იმისთვის, რათა მართებულად იქნას მიჩნეული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი რანგის თანამდებობის პირების ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება სხვადასხვა დანაშაულისთვის“. ეს დასკვნა წარედგინა დიპლომატიურ კორპუსსაც. გახდებოდა თუ არა ეს მოვლენა სააკაშვილისთვის ერთგვარი მესიჯი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევანის წინაშე დგას? – ციხე ან ვა-ბანკი, ნებისმიერი რისკის გაუთვალისწინებლად?
მართალია, ლოგიკური ჯაჭვიდან ვვარდებით, მაგრამ შენიშვნისთვის, ალბათ, ღირს გახსენებად, რომ ბაქო სტალინისა და მისი რევოლუციონერი თანამებრძოლებისთვისაც ერთგვარ შტაბ-ბინას წარმოადგენდა…
ახლა კი 15 ნოემბერს დაანონსებულ აქციასა და „ახალი თაობის“ პროგნოზირებულ 23 ნოემბერთან დაკავშირებით ინტერვიუ მთავარი ინფორმაციის მატარებელთან, ლადო სადღობელაშვილთან. შევეცდებით, შევიტყოთ მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია ნაციონალურ კონსპირაციასა და იმ სქემაზე, რითაც იდეაში 15 ნოემბრის აქცია უნდა დაგვირგვინდეს:
– 23 ნოემბერი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ისეთი დღეა, როგორც სტალინისთვის იყო 9 მაისი… ბაქოს შეხვედრის შესახებ „თავისუფალი ზონის“ წევრს ჩვენს ერთ-ერთ თანამებრძოლთან დებატების დროს წამოსცდა, მიშა ბაქოში გვიბარებსო. სიტყვასიტყვით გეუბნებით. დავიწყე ჩაღრმავება, მივაგენი რეალურ ინფორმაციებს.
– ვინ ესწრებოდა ამ შეხვედრას?
– დანამდვილებით ვიცი, რომ „თავისუფალი ზონიდან“ ბაქოს შეხვედრაზე ჭკადუა, ხაბაზი და ვასაძე იყვნენ წასულები. ეს შეხვედრა შედგა იმისთვის, რომ ნოემბრის ღონისძიებები დაგეგმილიყო. ეს ადამიანები ემზადებიან, განსაკუთრებით სამეგრელოდან, ხალხის მობილიზაციისთვის. აქციებისთვის აქტივს ძირითადად სწორედ სამეგრელოდან და იმერეთიდან მოუყრიან თავს. გეგმავენ, რომ გააღვივონ სიტუაცია 20-დან 25 ნოემბრამდე. ამისთვის მოაწყობენ პროვოკაციებს, რაც გახდება დასაბამი იმ შედეგების მისაღწევად, რაც საბოლოოდ ჩაფიქრებული აქვთ.
– რევოლუციას გულისხმობთ?
– სააკაშვილს დღეს, ფულის გარდა, ამის მისაღწევად სხვა რესურსები არ გააჩნია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებენ, სერიოზული ძვრები გამოიწვიონ ხელისუფლებაში. პირდაპირ მინდა მივმართო ღარიბაშვილს: ნოემბერი მისთვის და მისი ხელისუფლებისთვის ძალიან რთული თვე იქნება. თუ გახდება შესაძლებელი ამ ერთი თვის გადაგორება, მერე კიდევ ერთი თარიღია სარისკო – 21 დეკემბერი, სააკაშვილის დაბადების დღე. ჩვენ შევეცდებით, რომ მათი განეიტრალება შევძლოთ.
– განეიტრალების გეგმა ხომ არ გახდება საბაბი იმ პროვოკაციებისთვის, რის შესახებაც თქვენ საუბრობდით?
– ჩვენ, რატომღაც, რადიკალური კუთხით ვართ წარმოჩენილი. არადა საქმე სულაც არ არის ასე. ნაციონალების ცხრაწლიანი რეჟიმის დროს ჩადენილი სისასტიკეების ფონზე რადიკალიზმს ვერ ვუწოდებთ კვერცხის სროლას.
– ანუ აპირებთ 15 ნოემბრის აქციასთან გამოჩენას?
– მე არ ვაპირებ, მათ რაიმე მესიჯები მივცე. სააკაშვილის გეგმები რუსულ ინტერესშია. ყველამ კარგად ვიცით, რომ ის დღემდე კონტროლდება „კაგებეს“ გენერალი ბიძისგან… შესაბამისად, სააკაშვილის გეგმას პირდაპირ ვუწოდებ რუსულ გეგმას.
– თქვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ 23 ნოემბრამდე მხოლოდ აქციის ხაზით მიდის, თუ სხვა ფლანგებზეც იშლება მუშაობა?
– რა თქმა უნდა, მათ ჩართული აქვთ სოციალური და რელიგიური პროექტები. აქ არის მათი პატარ-პატარა მიზნები, იმისთვის, რომ ქვეყანაში, განსაკუთრებით რეგიონებში არეულობები გამოიწვიონ. როდემდე უნდა ვითმინოთ ეს ყველაფერი
– თუმცა 15 ნოემბრის აქციის მთავარი თემა აფხაზეთია…
– სირცხვილი არ არის მათი მხრიდან ამ თემის დაანონსება? განა მათი მმართველობის დროს არ მოხდა აფხაზეთის სრული ოკუპაცია და არ გადაიჭრა მოლაპარაკების ყველა ძაფი?
– თუმცა, სააკაშვილი ევროპის ლიდერებს ხვდება იმ დროს, როცა, მისვე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ მიმართულებით…
– სააკაშვილი ევროპაში ხვდება მხოლოდ მის მიერ თავის დროზე მოსყიდულ სახალხო პარტიის წარმომადგენლებს. სულ ეს არის… ნაციონალების მხრიდან აფხაზეთის დაბრუნებაზე განცხადებები ცინიზმია და მეტი არაფერი. ეს არის ტყუილთა შორის ყველაზე დიდი ტყუილი, რაც სააკაშვილს ოდესმე უთქვამს.
– იმ დროს, როდესაც მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება შეთქმულებაზე, 15 სექტემბრის აქცია და ის გეგმები, რის შესახებაც თქვენ საუბრობდით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უალტერნატივო არჩევანია?
– არა, ეს არის მათთვის ნიღბის ჩამოხსნა. ეს არის მტკიცებულება იმისა, რის შესახებაც აქამდე პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილიც საუბრობდა. ნაციონალებს აქვს ერთი უმთავრესი გეგმა – დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ამისთვის ყველა საშუალებას გამოიყენებენ. ერთი კვირა, 15-დან 23 ნოემბრამდე, ქვეყნისთვის საშინელება იქნება. ხელისუფლებას ვთხოვ, რომ ამ დროს გაასმაგებული ყურადღებით მოეკიდოს.
– 23 ნოემბერი ნაციონალური გეგმების მიხედვით დასასრულია? შედეგია?
– არა, ეს არის დასაწყისი. ამ დროისთვის, მათი გათვლებით, უნდა მოხდეს მათი სრული მობილიზება.
– თქვენს სკანდალურ განცხადებაში გაკვრით შეეხეთ ამ ღონისძიებების დაფინანსებას. რა ფულია ეს?
– ეს არის ცხრა წლის განმავლობაში დაგროვილი ბინძური ფული. თუ გახსოვთ, კობა ხაბაზმაც არ უარყო, რომ „თავისუფალი ზონა“ ნაციონალების ფინანსებით იკვებება.
– რა თანხა იდება ამ სქემის განსახორციელებლად?
– ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა ვიცი, რომ „თავისუფალი ზონის“ წევრს, ფარნაოზ ჭკადუას აქვს 1500 ლარამდე ხელფასი. ასეთი ხელფასი მინისტრის ზოგ მოადგილეს არ აქვს. ასეთი თანხისთვის ის ყველაფერზე წამსვლელია, მათ შორის იარაღიდან სროლაზეც”, – წერს „პრაიმტაიმი“.