„ფოტოგრაფია გახდა ის ინსტრუმენტი, რომლითაც დანარჩენ სამყაროსთან ვურთიერთობ” – ვახო ხეთაგური
ადამიანი, რომლის ობიექტივისთვისაც ადამიანი და ხელოვნებაა სამიზნე, და არა კომერციული ობიექტი. ფოტოგრაფი ვახო ხეთაგური თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ თანამედროვე ქართული ფოტოხელოვნების ისტორიის შემადგენელ ნაწილად, რომელზეც შემდეგ ახალი თაობები ისაუბრებენ.
ფოტოგრაფია მისთვის დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობის ინტრუმენტად იქცა. იმ იარაღად, რომლითაც საკუთარი სამყაროს გადაშლასაც შეძლებს.
– ვახო, მომიყევი შენი პირველი ნაბიჯების შესახებ ფოტოხელოვნებაში…
– 2012 წელს დაიწყო ის, რის გარეშეც უკვე აღარ შემიძლია. ბაბუას „ზენიტით“ არ დამიწყია. ჩვეულებრივი ციფრული შევიძინე, რომლითაც იმის გადაღება დავიწყე, რასაც მანამდე უბრალოდ ვაკვირდებოდი. შემდეგ გურამ წიბახაშვილთან მოხვდი, რომელმაც დამანახა, რომ ფოტოგრაფიით უფრო მეტის გაკთება შეიძლებოდა და ასე, ნელ ნელა ფოტოგრაფია გახდა ის ინსტრუმენტი, რომლითაც მე დანარჩენ სამყაროსთან ვურთიერთობ.
– როგორ ფიქრობ, რამდენად მარტივია საქართველოში გახდე პროფესიონალი ფოტოგრაფი?
– პროფესიონალ ფოტოგრაფად ითვლება ის, ვისი შემოსავალის დიდი ნაწილი ფოტოგადაღებებიდან მოდის. თუ ამას გულისხმობ, ეს შედარებით მარტივია და ისე, საკმაოდ რთულია, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, საქართველოში არ არსებობს იმდენი რესურსი, როგორც დასავლეთის ქვეყნებში.
მხოლოდ ფოტოგრაფიას ვერ გამოვყოფდი. საქართველოში, ზოგადად, თანამედროვე ხელოვნებას უჭირს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი არ გვაქვს.
და ისევ ფოტოგრაფიას რომ დავუბრუნდეთ, ფაქტი მახსენდება, როცა დიდი დეპრესიის დროს ამერიკის მთავრობამ დორტჰეა ლანგეს და რამდენიმე ფოტოგრაფს დაუკვეთა უმუშევრების და უსახლკაროების გადაღება, რათა უკეთ გაერკვიათ, რა პრობლემები ჰქონდათ სახელმწიფოს შიგნით. ამას საქართველოში ჯერ არავინ გააკეთებს. თუმცა იმისათვის, რომ ფოტოგრაფიით დაკავდე, მთავარი სურვილი და მონდომებაა, ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა გქონდეს რაიმე სათქმელი.
– რა იყო დღევანდელ დღემდე, როგორც ფოტოხელოვანს, რა ეტაპების გადალახვა მოგიწია,?
– ტერმინი „ფოტოხელოვანი“ შემოიღეს საბჭოთა კავშირის დროს, როცა გარკვეულ ადამიანებს უნდოდათ, გამიჯნოდნენ იმ ფოტოგრაფებს, რომლებიც, ვთქვათ, სურათებს იღებდნენ პასპორტისათვის. მე არავის არ ვემიჯნები. მე უბრალოდ ფოტოგრაფი ვარ.
ბევრი, ბევრი, ბევრი მუშაობა მომიწია და მიწევს საკუთარ თავზე.. ძირითადად, არასდროს არ ვარ კმაყოფილი იმით, რასაც ვაკეთებ. ალბათ, ეს ისაა, რაც ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს, ვინც შემოქმედებითაა დაკავებული.
– რა არის ის, რასაც მუდამ სიამოვნებით იღებ?
– იმ ფოტოებშიც კი, სადაც ადამაინი ფიზიკურად არ არის გამოსახული, ვცდილობ, ადამიანი იგრძნობოდეს.
– წარმოიდგინე, რომ ერთ კადრში უნდა ჩაატიო საქართველო, რა მოხვდებოდა შენს ფოტოობიექტივზე?
– მე ვფიქრობ, რომ ის დრო დამთავრდა, როცა ერთი კადრით შეიძლებოდა დიდი ისტორიის გადმოცემა. ჩემი ერთ-ერთი პროექტი, რომელიც რკინიგზის გასწვრივ მცხოვრებ ადამიანებზეა და რომელსაც უკვე სამი წელია ვიღებ, რამდენიმე ათასი ფოტოსგან შედგება. ასე რომ, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.
– შენი აზრით, განვითარების რა ეტაპზეა ქართული ფოტოხელოვნება?
– რამდენიმე ავტორს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც გადაურჩნენ საბჭოთა ცენზურას და განუმეორებელი ფოტოები შექმნეს, საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. საბედნიეროდ, დღეს ამ ფოტოგრაფების ნაწილი ახერხებს აქტიურად მუშაობას და ასევე ასწავლიან ახალ თაობას, ჩემს თაობას. ასე რომ, მე იმედით ვუყურებ მომავალს.
– საყვარელი ფოტოგრაფი, რომლის ნამუშევრებსაც აღტაცებაში მოჰყავხარ?
– ასეთი ფოტოგრაფი ძალიან ბევრია. ანდერს პეტერსენ, კლავდიჯ სლუბანი, ჯიმ გოლდბერგი, ჟოსეფ კოუდელკა, რობერტ ფრანკი, დუანე მიჩალსი… მათი ნამუშევრებიდან ბევრი რამ ვისწავლე. ჩემი მასწავლებლები არიან (იღიმის).
– სათქმელი, რისი გადმოცემაც შენი ნამუშევრებით გინდა?
– ამჟამად ფოკუსირებული ვარ ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა მემკიდრეობის და მასთან დაკავშირებული სოციალური თუ მენტალური პრობლემების ასახვით.
– გეგმავ თუ არა უხალოეს მომავალში პერსონალური გამოფენის მოწყობას?
– პერსონალური გამოფენის მოწყობას არ ვჩქარობ. არ მინდა გავაკეთო გამოფენა გამოფენისთვის. სამწუხაროდ, ჩვენს დროში ადამიანები გულგრილები გახდნენ და ნაკლებად მგრძნობიარეები ფოტოგრაფიის მიმართ, რაც არ უნდა ეფექტური იყოს ისინი ვიზუალურად. ამიტომ ვცდილობ, ფოტოების პრეზენტაციისთვის ის გზები ვიპოვო, რომელიც გააღრმავებს და გააძლიერებს ვიზუალურ მგრძნობელობას ადამიანებში.
– და ბოლოს, როგორი წარმოგიდგენია საკუთარი თავი 5-10 წლის შემდეგ?
– 10 წლით უფრო ასაკოვნად (იღიმის).
გიორგი ურუშაძე