“ვხედავთ, ვიღაცას აწყობს, საქართველო იქნება თუ უკრაინა, ჰყავდეს შუაში გაჭედილი, არც იქით, არც აქეთ, რაც უფრო ზრდის უსაფრთხოების რისკებს, ვიდრე ამცირებს” – პაპუაშვილი

“ვხედავთ, ვიღაცას აწყობს, საქართველო იქნება თუ უკრაინა, ჰყავდეს შუაში გაჭედილი, არც იქით, არც აქეთ, რაც უფრო ზრდის უსაფრთხოების რისკებს, ვიდრე ამცირებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ის ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ასევე შეიძლება, გახდეს ნატო-ს წევრი, შეუძლია, სურვილი გამოთქვას და შემდეგ არსებობს პროცესი“.

„ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი ამგვარი განცხადებების მიმართ, ქართველი ხალხი ხედავს, რასთან გვაქვს საქმე. 2008 წელს თქვეს, რომ კარები ღიაა, იმის შემდეგ 17 წელი გავიდა. საქართველომ გააკეთა ყველაფერი, როგორც ინსტიტუციურად, ისე სამხედრო დაახლოების კუთხით, ომებში შესვლისა და ბრძოლის კუთხით ნატო-ს ჯარისკაცების მხარდამხარ. ბატონი რუტე რომელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც იყო, იმ ქვეყანაზე 10-ჯერ მეტი კონტინგენტი გვყავდა ავღანეთში გაგზავნილი. ასე რომ, ჩვენკენ თითის გამოშვერა და კითხვების დასმა უნდა დასრულდეს. ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი, რომ თითის გამოშვერა აიტანოს. ბურთი არის სრულად ნატო-ს ტერიტორიაზე. საქართველოს გაკეთებული აქვს ყველაფერი, რომ იყოს ნატო-ს წევრი, არათუ სურვილი, კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი ეს საკითხი. თუმცა, ვხედავთ, რომ ვიღაცას აწყობს, საქართველო იქნება თუ უკრაინა, ჰყავდეს შუაში გაჭედილი, არც იქით, არც აქეთ, რაც უფრო ზრდის უსაფრთხოების რისკებს, ვიდრე ამცირებს.

მათ შორის, უკრაინის მაგალითზე ვხედავთ, ნატო-ს გარშემო რა დისკუსიები იყო. 2022 წელს, როცა ომი იწყებოდა, პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა და თქვა, ბოლოსდაბოლოს გაგვაგებინეთ, გვიღებთ თუ არა ნატო-ში, თუ არ გვიღებთ ამ ნატოში, გვითხარით და განვაცხადებთ ჩვენც, იქნებ, ერთი დაძაბულობის საკითხი მოიხსნას. თუმცა, არ უთხრეს, არც ხო უთხრეს და არც არა. ბურთი არის სრულად ნატო-ს ტერიტორიაზე. საქართველოს გაკეთებული აქვს ყველაფერი, მათ შორის, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, საქართველოს სამხედრო კონტიგენტის 70%-ს სხვადასხვა ფორმით აქვს მონაწილეობა მიღებული მისიებში, სწავლებებში და ა.შ. როგორც თავსებადობით, ასევე ინსტიტუციურად, ყველა საკითხით ნატო-ს წევრ 7-8 ქვეყანას ვუსწრებთ ყველა პარამეტრით. ქართველი ხალხი მიამიტი აღარ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები