“არსებობდა ხელშეკრულება, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს ავალდებულებდა, რომ სწორად ემართა ინვესტიციები და აქტივები. დანაშაულიც სწორად ესაა, რომ მას უფლებამოსილებები ჰქონდა – მოიწვია კონკრეტული კომპანია, რომელმაც შეადგინა რეპორტი, სადაც იდენტიფიცირებული იყო რისკები და საფრთხეები. ეს ყველა რისკი და საფრთხე კი არ იქნა გათვალისწინებული”, – ამის შესახებ პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
პროკურორმა ე.წ. მტკვარი ჰესის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, გიორგი ბაჩიაშვილს ამ საქმეში სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან.
„ეს არის დოკუმენტაცია, რომელიც განხორციელებულ ქმედებებს, ასევე იმ ქმედებების არ განხორციელებას, რასაც ჩვენ ვედავებით, დოკუმენტურად ასახავს. ეს არის უშუალოდ გიორგი ბაჩიაშვილის პასუხისმგებლობით შედგენილი დოკუმენტი, ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შეიქმნა კონკრეტული რეპორტი, სადაც იყო ყველა რისკი, საფრთხე იდენტიფიცირებული და ბუნებრივია, ამის გათვალისწინება, მას როგორც უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენელს, ევალებოდა.
ბაჩიაშვილს ვედავებით გულგრილობას. აბსოლუტურად ყველა მმართველობითი რგოლის წარმომადგენელმა, ვინც გამოძიების ეტაპზე გამოიკითხნენ, გარკვეული ინფორმაცია მისცეს, მათ შორის იმ ნაწილშიც, რომ ასეთი მმართველობითი ორგანოები, ხშირ შემთხვევაში, ფიქტიური ხასიათის იყო და სინამდვილეში, არამხოლოდ ფაქტობრივ დონეზე, არამედ სამართლებრივადაც უკავშირდებოდა გიორგი ბაჩიაშვილს იმიტომ, რომ ის იყო გენერალური დირექტორი, ასევე პასუხისმგებელი ინვესტიციების და პროექტების სწორად მართვაზე. ძალიან მარტივი მოცემულობაა, ფაქტობრივ დონეზე რომ წარმოვიდგინოთ. ასევე, გარდა იმისა, რომ ის იყო გენერალური დირექტორი, რაც კანონმდებლობის მიხედვით გულისხმობს უმაღლეს მმართველობას, ამავდროულად არსებობდა ხელშეკრულება, რომელიც მას ავალდებულებდა, რომ სწორად ემართა ინვესტიციები და აქტივები. დანაშაულიც სწორად ამაში მდგომარეობს, რომ მას უფლებამოსილებები ჰქონდა, მან მოიწვია კონკრეტული კომპანია, რომელმაც შეადგინა რეპორტი, სადაც იდენტიფიცირებული იყო რისკები და საფრთხეები და ეს ყველა რისკი და საფრთხე არ იქნა გათვალისწინებული. შედეგიც, ბუნებრივია, ამ მიმართულებით დადგა”, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.