“ბიბისის” გენერალური დირექტორი სკანდალის ფონზე გადადგა

ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის, “ბიბისის” გენერალურმა დირექტორმა ტიმ დეივიმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება მაუწყებლის შიგნით გაჩენილი სკანდალის შემდეგ მიიღეს, რომელიც უკავშირდება დონალდ ტრამპის მიმართ BBC-ის სავარაუდო მიკერძოებულ რეპორტაჟს.

მედიის ინფორმაციით, სკანდალი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ BBC-ის ეთერში გავიდა ფრაგმენტი, სადაც არასწორად იყო გადმოცემული ტრამპის ერთ-ერთი გამოსვლის შინაარსი. მაუწყებლის შიდა გამოძიების თანახმად, მონტაჟისას შეცდომა ტექნიკური ხასიათის იყო, თუმცა შემთხვევამ საზოგადოებაში ფართო კრიტიკა და ნდობის შერყევა გამოიწვია.

ტიმ დეივიმ განაცხადა, რომ იღებს პასუხისმგებლობას როგორც გენერალური დირექტორი და მიიჩნევს, რომ გადადგომა „საუკეთესო გზაა BBC-ს სანდოობის აღსადგენად“.

გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა BBC News-ის ხელმძღვანელმა დებორა ტერნესმაც. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი „უნდა დარჩეს მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის სიმბოლოდ“.

BBC-ს მენეჯმენტი უახლოეს დღეებში დანიშნავს დროებით ხელმძღვანელობას, ხოლო ორგანიზაციაში დაიწყება შიდა რეფორმების პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტური სტანდარტების გამკაცრებას და რედაქციული დამოუკიდებლობის გაძლიერებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები