ახალგაზრდა პალესტინელმა სპორტსმენმა თავისი ოქროს მედალი ღაზას სექტორს გადასცა – “გვინდა, ღაზას ხმა მთელ მსოფლიოს მოედოს”
ისრაელის მიერ დაწესებული ყველა შეზღუდვის მიუხედავად, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებმა 15 წლის პალესტინელმა ვივიან ალისმა, ბაჰრეინში გამართულ ახალგაზრდულ აზიურ თამაშებზე მუაი ტაიში ოქროს მედალი მოიპოვა.
გოგონამ ეს წარმატება შეაფასა, როგორც „გრძელი მოგზაურობის დასაწყისი, რათა მისი ქვეყანა საერთაშორისო შეჯიბრებებზე ცნობილი გახდეს“.
ალისმა, რომელიც თავის გუნდთან ერთად ოკუპირებულ ქალაქ ალ-ბირში ვარჯიშობს, განაცხადა, რომ აზიურ თამაშებზე მოპოვებული ოქროს მედალი საერთაშორისო ასპარეზზე ახალი მიზნების მიღწევის „გრძელი გზის დასაწყისი“ იყო.
„მე მხოლოდ ბავშვი ვარ და წინ გრძელი გზა მაქვს გასავლელი. თამაშსა და შეჯიბრებებში მონაწილეობას მანამ გავაგრძელებ, სანამ მეტ წარმატებას არ მივაღწევ.
ოკუპანტებმა არაერთხელ შეგვიშალეს ხელი. თუმცა, მე ყოველთვის ვამბობ ამას: ჩვენ გვაქვს ოცნებები და მიზნები და არასდროს დავნებდებით. პალესტინა იმსახურებს ამ წარმატებებს. არავინ დაგვიდგება ოცნებისა და გამარჯვების მიღწევის უფლების გზაზე“, – თქვა მან.
“ალისმა თავისი გამარჯვება ღაზას უყოყმანოდ მიუძღვნა, რადგან ჩვენ გვსურს, რომ ღაზას ხმა მთელ მსოფლიოს მოედოს. ყველა სპორტსმენი გამარჯვებისთვის იბრძვის. პალესტინელი სპორტსმენები, მათ შორის ალისი, იბრძვიან როგორც გამარჯვებისთვის, ასევე პალესტინური იდენტობისთვის”,- განაცხადა ნაკრების მწვრთნელმა, აბუ დუჰანმა.
აბუ დუჰანმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელის ოკუპაციის პირობებში წარმატებული თაობის აღზრდა რთული იყო და განმარტა, რომ ოკუპაციის, ეკონომიკური სიტუაციისა და ფსიქოლოგიური პირობების გამო, მათ გუნდში ყველა სპორტსმენის შეკრება უჭირდათ. თუმცა, მისი თქმით, გუნდმა ეს სირთულეები მოტივაციის წყაროდ აქცია და დაბრკოლებების გადალახვით, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
როგორც მედია აღნიშნავს, საუკუნეების წინ ბრძოლის თავდაცვით მეთოდად წარმოშობილი სპორტი, დროთა განმავლობაში, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან საბრძოლო ხელოვნებად იქცა და ამჟამად, მუაი ტაის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით საერთაშორისო ტურნირების მეშვეობით ორგანიზებული შეჯიბრებითი სპორტია.