თურქული მედია T24: თურქეთის მთავრობა „ბიოლოგიური სქესის საწინააღმდეგო ქცევის“ დანაშაულად გამოცხადებას გეგმავს
„თურქეთი აპირებს „საკუთარი ბიოლოგიური სქესის საწინააღმდეგო ქცევის“ კრიმინალიზაციას, რაც ლგბტქ+ თემის შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქეთი გენდერული იდენტობის ნებისმიერი გამოვლინებისთვის თავისუფლების აღკვეთას დააწესებს.
„თურქეთის მთავრობა ამზადებს კანონპროექტს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას დააწესებს იმ პირებისთვის, რომლებიც საჯაროდ ხელს უწყობენ ან გამოხატავენ „საზოგადოებრივი მორალის საწინააღმდეგო“ გენდერულ იდენტობას“, – იტყობინება დამოუკიდებელი საინფორმაციო გამოცემა T24.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, „ახალი კანონპროექტის თანახმად, ყველას, ვინც „იქცევა თავისი ბიოლოგიური სქესის საწინააღმდეგოდ“ ან „აქეზებს ან აქებს ასეთ ქცევას“, შეიძლება მიესაჯოს ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.
კანონპროექტის კიდევ ერთი მუხლი კრიმინალიზაციას უწევს ერთნაირსქესიანთა წყვილებს შორის ნიშნობას ან ქორწინებას, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, საზოგადოებრივ ადგილებში ჩადენილი სექსუალური აქტებისთვის მაქსიმალური სასჯელი ერთიდან სამ წლამდე გაიზრდება“.
კანონმდებლობა შეეხება ასევე ციფრულ და მაუწყებლობით მედიას, მათ შორის სტრიმინგ პლატფორმებს, რომლებიც ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებს აჩვენებენ ფილმებსა და სერიალებში. ნათქვამია, რომ ასეთი კონტენტი შესაძლოა წახალისებად მიიჩნიონ.
მთავრობის განმარტებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს „ოჯახის ინსტიტუტის დაცვას“ და „ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელი თაობების აღზრდას“.
ასევე, კანონპროექტის მიხედვით ახალი შეზღუდვები დაწესდება სქესის შეცვლის პროცედურებზე. მინიმალური ასაკი 18-დან 25 წლამდე გაიზრდება, ხოლო, უნებართვო ოპერაციები დასჯადი იქნება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
სტატიაშივე ვკითხულობთ, რომ ამ ინიციატივას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა უფლებადამცველებისა და საჯარო პირებისგან. LGBTQ+ ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა ირფან დეირმენჯიმ, რომელმაც შარშან საჯაროდ განაცხადა თავისი სექსუალური იდენტობის შესახებ, მედიაპლატფორმა X-ზე დაგმო კანონპროექტი და დაწერა: „რას აპირებთ, საკონცენტრაციო ბანაკები შექმნათ? ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ რეგულაციის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. არავის არსებობა არ შეიძლება იყოს პატიმრობის მიზეზი. თქვენი რიტორიკა დანაშაულებს აღვივებს. საკმარისია!“