ირაკლი კობახიძე: მთავარი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ არის ის, რომ მთავრობის ყველა აქტი, რაც კი გამოცემულია 2024 წლის 8 თებერვლიდან, გამჭვირვალეა, მთლიანად ჩავკეტეთ ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა, მოიტანოს ვინმემ მთავრობის ერთი გადაწყვეტილება, სადაც ნახავს კორუფციის ნიშნებს, ვერავის მოაქვს

ჩვენ ახლა აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს დალაგებული ისე, რომ შეგვიძლია, მთლიანად დავკონცენტრირდეთ ყველა ხარვეზის აღმოფხვრაზე, ეს გვაძლევს კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური ბრძოლის საშუალებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მხოლოდ ადამიანების დაჭერა არ არის კორუფციასთან ბრძოლა, კორუფციასთან ბრძოლა პირველ რიგში არის გამჭვირვალობა.

„კორუფციის კუთხით იყო ჩავარდნები, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება 2023 წლის დეკემბერში. მან შესაბამისი მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა თავის საპროგრამო განცხადებაში, იქ საუბარი იყო პირდაპირ კორუფციის კუთხით რისკებზე, პრობლემებზე, შესაძლო ჩავარდნებზე. იქიდან მოყოლებული ჩვენ კონკრეტული ზომები მივიღეთ. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ადამიანების დაჭერა არ არის კორუფციასთან ბრძოლა. კორუფციასთან ბრძოლა პირველ რიგში არის პროცედურების გახსნა, მაგალითად ის, რომ მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე. მთავარი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ ეს არის, რომ მთავრობის ყველა აქტი არის დღეს გამჭვირვალე, რაც კი გამოცემულია 2024 წლის 8 თებერვლიდან, თითქმის 2 წლის განმავლობაში. ეს არის მთავარი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ყველაფერი არის გახსნილი, მოიტანოს ვინმემ მთავრობის ერთი გადაწყვეტილება, სადაც ნახავს კორუფციის ნიშნებს. ვერავის ვერ მოაქვს. ერთადერთი, რაც ასწიეს, 500 კვადრატული მიწა რატომ გადავეცით ეკლესიის ასაშენებლად საპატრიარქოს, აქამდე არიან დასული და ეს, როგორც ვითომ კომპრომატი, ისე გამოიტანეს, ასეთი რა უღმერთოები არიან, მე არ ვიცი. რეალურად, მთავრობის არც ერთი გადაწყვეტილებიდან არ გამოუტანიათ არავითარი ეჭვი. იგივე, რომ ავიღოთ პირდაპირი მიყიდვა ქონების, რაც თავის დროზე გავრცელებული პრაქტიკა იყო, მთლიანად ჩავკეტეთ ასეთი პრაქტიკა. არც ერთი აქტივის პრივატიზება არ ხდება პირდაპირი წესით, ყველაფერი გადის აუქციონზე, რომ სახელმწიფომ არ დაკარგოს თუნდაც ერთი თეთრი შემოსავალი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები