პრემიერი: 4 ოქტომბერს ბოლო იმედის აქცია იყო მთელი რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პატრონებისთვის, სერიოზულად ჰქონდათ იმედი, რომ დამხობის მცდელობა შეიძლებოდა ყოფილიყო წარმატებული და სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სასახლიდან შეეძლო გამოეცხადებინა თავი კიდევ ერთხელ საქართველოს პრეზიდენტად, ერთ დღეში მოვახერხეთ დამხობის მცდელობის განეიტრალება
სერიოზულად ჰქონდათ იმედი, აქ, რადიკალურ ოპოზიციას და გარეთ მათ პატრონებს, რომ 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა შეიძლებოდა ყოფილიყო წარმატებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერს ბოლო იმედის აქცია იყო მთელი რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პატრონებისთვის.
„მართლა ჰქონდათ ეს იმედი. ჩვენ ხომ ოპერატიული ინფორმაციაც გვქონდა, სერიოზულად ჰქონდათ იმედი, აქ, რადიკალურ ოპოზიციას და გარეთ მათ პატრონებს, რომ 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა შეიძლებოდა ყოფილიყო წარმატებული და სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სასახლიდან შეეძლო გამოეცხადებინა თავი, კიდევ ერთხელ, საქართველოს პრეზიდენტად. შეიძლება ღიმილისმომგვრელია დღეს, ეს იყო გეგმა, სულელი ხომ არავინ არის, ციხეში წავიდნენ ადამიანები, რწმენა ჰქონდათ.
დაახლოებით, რაც ხდებოდა 28 ნოემბრიდან, ასეთი ტიპის ძალადობაში შეიძლებოდა გადაზრდილიყო ეს ყველაფერი, რაც იყო დაგეგმილი, მაგრამ სწორი პრევენციული მუშაობით, ჩვენ მოვახერხეთ, რომ აღარ მივიღეთ შედეგად ის, რაც გვქონდა 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში, როდესაც 5 დღეს გასტანა ბევრად უფრო მასშტაბურმა ძალადობის მცდელობამ. მაშინ 5 დღე დასჭირდა ამ ყველაფრის განეიტრალებას, ახლა ნახეთ, რომ ერთ დღეში მოვახერხეთ დამხობის მცდელობის განეიტრალება“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.