შალვა პაპუაშვილი: პარტია, რომელიც პროპაგანდას უწევს ომს, ტერიტორიას კარგავს, აღვივებს შუღლს და ა.შ. ასეთი პარტია ანტიკონსტიტუციურია და მისი ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის, ვგულისხმობ ყველას, ვინც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს
საკონსტიტუციო სარჩელი, ეს არის არამხოლოდ დაპირება, არამედ, ეს არის მანდატი, რომელიც ჩვენ მივიღეთ შარშან საპარლამენტო არჩევნების დროს. ეს იყო ერთ-ერთი ჩვენი დაპირება ამომრჩევლის მიმართ და ამ დაპირებით მივიღეთ მანდატი მილიონ 120 000 ამომრჩევლის. ასე, რომ ამ საკონსტიტუციო სარჩელის უკან დგას მილიონ 120 000 საქართველოს მოქალაქე, რომელიც ითხოვს ამ სარჩელის შეტანას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა, რომელიც პარტიების აკრძალვას გულისხმობს.
პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში საკონსტიტუციო სარჩელის მიზანი განმარტა.
„რა არის მიზანი – ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ქართულ დემოკრატიას ძირს უთხრიან. ზოგადად, ნებისმიერი დემოკრატია, იმისთვის, რომ ის ვითარდებოდეს, მას უნდა ჰქონდეს თავდაცვისუნარიანობა. ეს არის კონცეფცია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის, არ უნდა მისცე შესაძლებლობა დემოკრატიის მტრებს, რომ სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, მათ შორის, პარტიული ინსტრუმენტების გამოყენებით.
პარტია, რომელიც პროპაგანდას უწევს ომს, რომელიც ტერიტორიას კარგავს, რომელიც აღვივებს შუღლს და ა.შ. ასეთი პარტია არის ანტიკონსტიტუციური და მისი ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის, ვგულისხმობ ყველას, ვინც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის არა პარტიის დასახელება, არამედ შინაარსი. თუკი პარტია საკუთარი საქმიანობით ანტიკონსტიტუციურია, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამასთან დაკავშირებით. ჩვენი სარჩელი ეყრდნობა კონკრეტულ საგამოძიებო მასალებს, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად დადო, როგორც ანგარიში. 450-გვერდზე მეტი არის ის დანაშაულები, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებას აქვს ჩადენილი კონსტიტუციის წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.