ირაკლი ნადარეიშვილი: სავაჭრო ბრუნვისა და ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების არეალის გაფართოების, ადგილობრივი მეწარმეებისა და ექსპორტის მხარდაჭერის თანმიმდევრული პოლიტიკა
2025 წლის 9 თვეში საქართველოში ექსპორტი 7.7%-ით გაიზარდა და რეკორდულ ოდენობას – 5.2 მლრდ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 14.2%-ით არის გაზრდილი ექსპორტი 2025 წლის სექტემბერშიც და მისი მოცულობა 703.1 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვა 9.1%-ით გაიზარდა და 18.5 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც, ექსპორტის მსგავსად, ასევე რეკორდული მოცულობაა.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ეს წარმატება განპირობებულია საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკით, რომელსაც მთავრობა ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების არეალის გაფართოებისა და უტილიზაციის გაზრდის თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მეწარმეებისა და ექსპორტის მხარდაჭერას.
„საერთო ჯამში, ეს იძლევა იმ ეკონომიკურ შედეგს, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით საქართველოში, ექსპორტი და საგარეო ვაჭრობაც, რა თქმა უნდა, არ არის გამონაკლისი“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მიმდინარე წლის სექტემბერში გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსიც – სავაჭრო დეფიციტმა 2025 წლის სექტემბერში 737.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 91.2 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა. სექტემბერში შემცირდა იმპორტი 0.3%-ით და მისი ოდენობა 1,440.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
ხაზგასასმელია, რომ ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა 2024 წელსაც – ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა და 6.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.1 პროცენტით გაიზარდა და 23.4 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.