სამედიცინო ბრიგადამ გადაარჩინა პაციენტის სიცოცხლე, რომელსაც სუნთქვა და პულსი არ აღენიშნებოდა
სამედიცინო ბრიგადამ გადაარჩინა პაციენტის სიცოცხლე, რომელსაც სუნთქვა და პულსი არ აღენიშნებოდა.
ამის შესახებ გვერდი – “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” წერს.
“თბილისის მე-14 რაიონული სამსახურის 1431 ბრიგადა მისამართიდან ბრუნდებოდა, როდესაც მიიღო გამოძახება ლოზუნგით “უგონო“.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმებს ოჯახში უგონოდ მყოფი მამაკაცი დახვდათ, რომელსაც არც სუნთქვა, არც პულსი აღენიშნებოდა. ოჯახის წევრების გადმოცემით, პაციენტს ანამნეზში ჰქონდა გადატანილი რამდენიმე მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენტირება, ჩატარებული ჰქონდა აორტო-კორონარული შუნტირება და იმყოფებოდა მედიკამენტოზურ თერაპიაზე. სასწრაფოს გამოძახებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მამაკაცს მოულოდნელად დაეწყო ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში და გონება დაკარგა.
პაციენტი ექიმების მიერ აყვანილ იქნა მონიტორზე, სადაც დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, რისი მართვაც განხორციელდა პროტოკოლის მიხედვით, ჩატარდა ელექტროშოკით დეფიბრილაცია, მონიტორზე დაფიქსირდა კვანძოვანი რითმი. პარალელურად, პირის ღრუს სანაციისა და ლარინგეალური ნიღბის ჩადგმის შემდეგ მიმდინარეობდა ამბუს პარკით ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდება. ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის მიერ დროულად მოხდა კლინიკის შეთანხმება და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი, აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით, შეიყვანა სპეციალიზებულ სტაციონარში, სადაც უკვე სინუსური რითმი დაფიქსირდა.
კლინიკაში პაციენტს ჩაუტარდა ინტერვენციული მკურნალობა – კორონარული ანგიოპლასტიკა სტენტირებით. ამჟამად, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და განაგრძობს მკურნალობას.
შემთხვევიდან მალევე 112 -ში შევიდა პაციენტის ოჯახის წევრების ზარი, სადაც სასწრაფოს ბრიგადას უსწრაფესი რეაგირებისა და სიცოცხლის გადარჩენისათვის მადლობას უხდიდნენ.
მოგვიანებით მამაკაცის შვილმა ექიმიც მოძებნა და პირადად გადაუხადა მადლობა”, – წერია ინფორმაციაში.