კახა კალაძე: თბილისში მწვანე სივრცეების მოსაწყობად არეალები ძალიან ბევრია, მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ

„წლების წინ რეკრეაციულ სივრცეებს ასხვისებდნენ, ჩვენ კი მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან გამოგვესყიდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მიდგომა, რომელიც 2017 წლიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია, მომდევნო ოთხ წელშიც გაგრძელდება, მათ შორის ცალკეული უბნების დონეზე, რომ რაც შეიძლება მეტი გამწვანებული არეალი არსებობდეს.

„2017 წლამდე დედაქალაქში სერიოზული გამოწვევა არსებობდა, თუმცა, ბოლო წლებში ხედავთ, რეკრეაციული მიმართულებით რამდენი პროექტი განხორციელდა. ჩემთვის ეს საამაყოა. თბილისს მწვანე სივრცეები ძალიან უხდება. ასათვისებელი არეალები ძალიან ბევრია. მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ. გარდა სილამაზისა, ეკოლოგიური თვალსაზრისით რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება და ახლების მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.

წლების წინ იყო ძალიან ცუდი პრაქტიკა – პარკებს და სკვერებს ასხვისებდნენ, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები ეწარმოებინათ. 2017 წლიდან კი არცერთი მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. პირიქით, ჩვენ მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ რეკრეაციული სივრცეები და მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან დაგვებრუნებინა ქალაქისთვის. მსგავსი მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები