არჩილ გორდულაძე: ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში საქართველოს მიმართ ზიზღით გამოირჩევიან

,,ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ზიზღით გამოირჩევიან, ქართველი ხალხი განსაკუთრებულად ეზიზღებათ. ისინი „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არიან ამერიკაში და ცდილობენ, როგორმე ეს გავლენები სხვა ქვეყნებშიც გაზარდონ”,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის განცხადებები საქართველოს ინტერესების დასაზიანებლადაა მიმართული.

„ჩვენი ქვეყნის მიმართულებით განსაკუთრებული აგრესია აქვთ. შესაბამისად, მათ ნათქვამ არც ერთ სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს არც ქართული საზოგადოებისთვის და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრისთვის. მათი განცხადებები მიზანმიმართულია საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად. ზუსტად ეს არის „დიფ სთეითის“ სურვილი, როგორმე საქართველოს ხელისუფლებაში აგენტურა მოვიდეს, რომელიც მონურად შეასრულებს ყველა იმ დავალებას, რაც მათ ექნებათ. ეს 2003-2012 წლებში გაუკეთებიათ კიდეც. წარმოუდგენელია, რომ ჯიმ რიშს და ჯინ შაჰინს პრეზიდენტ ტრამპზე რაიმე გავლენა ჰქონდეს. წესით, მისი განცხადებებიდან გამომდინარე, მის ადმინისტრაციაზე „დიფ სთეითს“ არანაირი გავლენა არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, ამერიკელი სენატორები, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში და წამყვანი წევრი, ჯინ შაჰინი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ. „მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის ბოლო ნაბიჯები, ვიდრე ურთიერთობის გადახედვაზე გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადეს ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები